LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი კვება, კარგი უნიფორმა: 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება

577
gjhjkh

თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სამთვიანი მუშაობის შემდეგ სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და თავდაცვის ახალი პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრა.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი 100-დან 500 ლარამდე გაეზარდათ, 2020 წლისთვის კი სახელფასო პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ იანვრის თვიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ.

„დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს – თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს წირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა. ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების შემადგენლობის კვების ახალ სტანდარტზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკვების რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ხოლო მომდევნო წლიდან, თავდაცვის ძალები პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად, უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგდება.

„მოკლე პერიოდში სამხედროებზე ზრუნვის კუთხით ჩვენ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ კვების მიმართულება, პირველი ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე გადავიყვანეთ მთელი ჯარი და ამჟამად მთელი ჯარი სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განსაზღვრული რაციონით იკვებება. ეს ნიშნავს, თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ასევე 2020 წლიდან ვგეგმავთ პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგებას ჩვენი ჯარის და ზოგადად გეტყვით, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარისხი. ქართული ჯარი საუკეთესო პროდუქტით უნდა იკვებებოდეს და ეს იქნება ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ბიუჯეტი 22 მილიონამდე გაიზრდება, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეები გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფეხსაცმელებისა და უნიფორმების ხარისხის გაუმჯობესებაზეც იზრუნებს. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მსოფლიოში წამყვან სამხედრო ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ეს ქვეყნები კი არაერთ ნატოს წევრ ქვეყანას ამარაგებენ.

„სამხედრო ფეხსაცმლისა და უნიფორმის მოწესრიგების საკითხი მთელი წლების განამვლობაში იყო გამოწვევა და პრობლემა, თავად ჯარისკაცების წუხილის საგანი, რადგან ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი არ იყო სათანადო და ხარისხიანი. ჩვენი გადაწვეტილებით, ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სატნდარტებს გაუთანაბრდება 2020 წელს.

ჩვენ დავგეგმთ სამხედრო უნიფორმის სრული განახლება, ასევე გეტყვით, რომ თითოეული ჯარისკაცი იქნება უზრუნველყოფილი განახლებული სახის და მაღალი ხარისხის უნიფორმით. გეტყვით იმასაც, რომ დავგეგმეთ მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შეძენა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც ნატო-ს წევრი არაერთი ქვეყნის ჯარს ამარაგებენ”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო სრულად შეასრულებს 2007 წელს აღებულ ვალდებულებას და კონტრაქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებს.

2020 წელს განხორციელდება ახალი საბინაო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ფართის შეძენა უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეეძლებათ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლიდან მეტად განმტკიცდება თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან არსებული სამხედრო თანამშრომლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები