LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს, დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ – ღარიბაშვილი

119
1

“მთავრობა მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მათავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიციას დებატები სურს, ამისთვის არის პარლამენტი.

მისივე თქმით, დრო დადგა, ყველა გამოვიდეს ვიწროპარტიული ინტერესებიდან და დაემორჩილონ მთავარს – ხალხის ნებას, რომელიც პრემიერის თქმით, არჩევნებზე გამოიხატა:

“კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას – დადგა დრო, რომ საკუთარი, პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები.

ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს, რა თქმა უნდა, საქმეზე დებატები, რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც. ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა და ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება.

პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო მუშაობა არჩეულ მერებთან, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მათ არჩევნებში გამარჯვება, ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ხალხის ამ ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს.

ასევე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით – მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლებამ მხოლოდ საქმეზე უნდა გაააკეთოს აქცენტი და ხალხისა და ქვეყნისთვის 24-საათიან რეჟიმში იმუშაონ.

“მე მინდა მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ და ის დაპირება და პროექტები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24 საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმე,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ჩატარებული არჩევნების გამო ცესკო-ს თავმჯდომარესა და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებულ არჩევნებისთვის. ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითრების პერიოდი და მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები