რეზოლუციის ამბავს გამოვეთიშეთ. ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით, რაც აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ,-ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხი უკვე შეთანხმებული იყო, “ქართულმა ოცნებამ” კი ტექსტი შეცვალა.
„ფაქტობრივად, ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით, ვიცოდით, რომ საღამოს მედიის თანდასწრებით შეთანხმების ტექსტზე ხელი უნდა მოგვეწერა და ამ დროს ტექსტიდან ამოიღო კონკრეტული სიტყვები. ეს ტექსტი თავისი შინაარსით მაინც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ტექსტში ეს ორი სიტყვა იქნებოდა თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არც ერთი მიმართულებით არ ჰქონდა, მაგრამ ეს აჩვენებდა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ზოგადად ოპოზიციასთან თანამშრომლობის, თუ ამ ტექსტის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით. მივხვდით, რომ ეს ამბავი არ გვაინტერესებდა და ამ ამბავს გამოვეთიშეთ. ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით, რაც აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.