ენტონი ჰოპკინსი თავის თაობის გამორჩეული და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. 82 წლის ჰოპკინსის ფილმოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია და მისი სამსახიობო ოსტატობიდან გამომდინარე,  საუკეთესო როლების დასახელება რთულია, თუმცა მაინც შეგვიძლია ვცადოთ…

სერ ენტონი ჰოპკინსის 10 საუკეთესო კინოროლი:

ჰანიბალ ლექტერი – „კრავთა დუმილი“ / Silence of the Lambs (1991)

ტომ ჰარისის ამავე სახელწოდების ნაწარმოების  ეკრანიზაცია, ფსიქოლოგიური თრილერი „კრავთა დუმილი“ მოგვითხრობს სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლექტერის და FBI-ის ახალგაზრდა აგენტის, კლარისა სტერლინგის შესახებ. იმისათვის, რათა სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას ჩაწვდეს, კლარისა ჰანიბალ ლექტერს აკითხავს ციხეში, სადაც იგი სერიული მკვლელობებისა და კანიბალიზმისათვის იხდის სასჯელს… ფილმში შესრულებული როლისათვის ჰოპკინსმა „ოსკარი“ დაიმსახურა.

რიჩარდ ლომგული – „ლომი ზამთარში“ – The Lion in Winter (1968)

ისტორიულ დრამაში, რომელიც ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება, მსახიობთა მთელი თანავარსკვლავედი მონაწილეობს. ჰოპკინსს ფილმში პარტნიორობას პიტერ ო’ტული, კეტრინ ჰეპბერნი და ტიმოთი დალტონი უწევენ. ფილმის მოქმედება 1183 წელს, ინგლისის სამეფო კარზე ვითარდება. „ლომი ზამთარში“ არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმია, მათ შორის 3 „ოსკარის“ და 2 „ოქროს გლობუსის“.

ფრედერიკ ტრევესი –  „ადამიანი სპილო“ / The Elephant Man (1980)

დევიდ ლინჩის  ბიოგრაფიულ დრამაში ენტონი ჰოპკინსმა ექიმ ფრედერიკ ტრევესის როლი შეასრულა. ფილმი რეალურ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს ინგლისელი მამაკაცის, ჯონ მერეკის შესახებ, რომელიც ძლიერ დეფორმირებული სხეულის გამო ე.წ. „მახინჯების შოუში“ გამოჰყავდათ. ექიმი ტრევესი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის დახმარებას ცდილობს და მას უმეგობრდება. ჰოპკინსს ფილმში პარტნიორობას ჯონ ჰარტი უწევს.

ჰენრი უილკოქსი – “ჰოვარდს ენდი“ / Howards End (1992)

სამი ოსკარის მფლობელი რომანტიკული დრამა „ჰოვარდს ენდი“ ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისში, კლასობრივად დაყოფილ ინგლისში ვითარდება და სამი განსხვავებული ოჯახის რთული და დრამატული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს. ენტონი ჰოპკინსს ფილმში პარტნიორობას ვანესა რედგრეივი, ელენა ბონემ კარტერი და ემა ტომპსონი უწევენ.

აბრაამ ვან ჰელსინგი  – „ბრემ სტოკერის დრაკულა“ / Bram Stroker’s Dracula (1992)

1992 წლის ამერიკულ გოთიკურ საშინელებათა ჟანრის მელოდრამაში ენტონი ჰოპკინსმა პროფესორ აბრაამ ვან ჰელსინგის როლი მოირგო, რომელიც მომხდარმა უცნაურმა მკვლელობებმა საბოლოოდ დაარწმუნა ვამპირების არსებობაში. ფილმი ბრემ სტოკერის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. ჰოპკინსთან ერთად მასში გარი ოლდმენი, კიანუ რივზი და უაინონა რაიდერი მონაწილეობენ.

კლაივ ლუისი –  „ჩრდილების ქვეყანა“ / Shadowlands (1993)

ენტონი ჰოპკინსს თავის კარიერაში რამდენიმე ბიოგრაფიულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. „ჩრდილების ქვეყანაც“ ერთ-ერთი მათგანია, სადაც უელსელმა ოსტატმა ინგლისელი მწერლის, „ნარნიას ქრონიკების“ ავტორის – კლაივ ლუისის როლი მოირგო.  ფილმი კლაივის ცხოვრებაზე, მის ხანმოკლე და ტრაგიკულ სიყვარულზე მოგვითხრობს.

ჯეიმს სტივენსი -„დღის ნარჩენები“ / The Remains of the Day (1993)

,,ჰოვარდს ენდის” გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ენტონი ჰოპკინსმა და ემა ტომპსონმა კიდევ ერთ წარმატებულ რომანტიული დრამაში ითამაშეს. „დღის ნარჩენები“  ნობელიანტი მწერლის, კაძუო იშიგუროს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და ომის პერიოდში განვითარებულ დიდი სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. „დღის ნარჩენები“ 8-ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, „ოქროს გლობუსზე“ კი ფილმმა 5 ნომინაცია მოიპოვა.

ბერტ მანრო – „მსოფლიოს უსწრაფესი ინდიანი“ / The World’s Fastest Indian (2005)

ფილმი კიდევ ერთი გამორჩეული ბიოპიკი გახდა ჰოპკინსის კარიერაში, რომელშიც მან ახალზელანდიელი მრბოლელის და რეკორდსმენის, ბრეტ მანროს როლი შეასრულა.  როდესაც რეჟისორმა როჯერ დონალდსონმა ჰოპკინსს ფილმის სცენარი გაუგზავნა, ის აღფრთოვანებული დარჩა. „მთელი ცხოვრება მანიაკების და მკვლელების როლებს ვასრულებდი, მანრო კი ნამდვილად მომწონს. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ“ – განაცხადა მოგვიანებით მსახიობმა.

ჯონ ქუინსი ადამსი – „ამისტადი“ /Amistad (1997)

სტივეს სპილბერგის დრამაში, რომელიც გემი „ამისტადის“ და მასზე მყოფი აჯანყებული მონების თავგადასავალზე მოგვითხრობს, ენტონი ჰოპკინსმა აშშ-ის პრეზიდენტის და იურისტის, ჯონ ქუინსი ადამსის როლი მოირგო. ფილმში მთავარ როლს მეთიუ მაკკონაჰი ასრულებს.

რიჩარდ ნიქსონი – „ნიქსონი“ / Nixon (1995)

ოლივერ სტოუნის ბიოგრაფიულ დრამაში ჰოპკინსმა აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტი, –რიჩარდ ნიქსონი განასახიერა. სამსაათიან ფილმში მოთხრობილია პრეზიდენტის როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. რიჩარდ ნიქსონის როლმა ჰოპკინსს ოსკარის მესამე ნომინაცია მოუტანა.

მსგავსი თემები