LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოლეგებო, ეს ჯილდო თქვენია. მთელი კლინიკის!” – რას წერს ექიმი დავით გადელია, რომელმაც საპატიო თბილისელის წოდება მიიღო

161
untitled-design-43

გუშინ, 3 ოქტომბერს დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საპატიო თბილისელის წოდება წელს ცხრა ექიმს მიენიჭა.

ცერცვაძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას, რატიანსა და კიდევ 5 ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც საპატიო თბილისელის ჯილდო გადაეცა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელიაა.

ექიმი სოციალურ ქსელში სამადლობელ პოსტს აქვეყნებს და ჯილდოს კლინიკის მთელს კოლექტივს უძღვნის.

“გულახდილად რომ ვთქვა, არასდროს ვყოფილვარ “თბილისობის” დღესასწაულის აქტიური მონაწილე. განსაკუთრებით იმ ნაწილში, ქუჩაში მასობრივ სეირნობას და შოთების ჩაკვრის ყურებას და ფელამუშის დაგემოვნებას რომ მოიცავს. ამის მიუხედავად, სამეგობროში ყოველ წელს დეტალურად ვარჩევდით და ხშირად ცხარედაც ვკამათობდით “საპატიო თბილისელის” წლის ნომინანტებზე:- “ამ კაცს ეკუთვნოდა?”, “ამას უფრო არ ეკუთვნოდა?!”.. იმიტომ, რომ მეც და ჩემს მეგობრებსაც ეს წოდება ყველაზე საპატიოდ მიგვაჩნია, ყველა ორდენთან შედარებით! ამის ზევით ალბათ მხოლოდ სამშობლოსათვის თავგანწირვაა, თუმცა ამისთვის ანტურაჟია საჭირო: წინ მტრის ტანკი და შენ ყუმბარების ფსკვნილი ხელში. შეიძლება არც ვივარგო ამ საქმისთვის- არა, სიკვდილის შიშის გამო არა! აღარც მაქვს თითქმის.. უბრალოდ წარმოვიდგენ, რომ იმ ტანკში ჩემი შვილის ტოლა, მტრის სახელმწიფოს მიერ გაბრიყვებული ყმაწვილი ზის და ალბათ მოსაკლავად ვერ გავიმეტებ…
წელს არც გამხსენებია თბილისობა. არაა წელს მასობრივი თავშეყრების დრო. ჰოდა, თუ ვინმე ჩემზეც იკითხავს: “წელს ამათ ეკუთვნოდათ ეს ჯილდო?”-ო, პარადოქსული პასუხია- ზეიმის დრო რომ არაა და ჟამიანობაა, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ქალაქმა, ასე გამოხატოს მადლიერება სენთან მებრძოლებისადმი!
…სხვა ამბავია, როგორ გამოირჩეს ამდენ ხალხში ნომინანტები. მართლა რთული დილემაა! მარტო ჩვენს კლინიკაში, ვფიქრობ ჩემზე მეტად ეკუთვნოდა ძალიან ბევრს! ექთნებს და სანიტრებს- რომლებიც მუდმივად რისკის ქვეშ არიან; ახალგაზრდა ექიმთა შესანიშნავ ჯგუფს- ვინც ფაქტიურად თავის თავზე აიღო კოვიდ19-ით დაავადებულთა მკურნალობა; ლიას, თათას, მალვინას- ვინც ხელმძღვანელობს ამ ახალგაზრდებს (არც თქვენ ხართ არაახალგაზრდები); ტოპ მენეჯერთა შესანიშნავ გუნდს: მაკას და ორივე კახას. კოლეგებო, ეს ჯილდო თქვენია. მთელი კლინიკის! კლინიკის მეპატრონის, ბატონ პაატა კურტანიძის, რომელსაც ერთი წამითაც არ უყოყმანია და კერძო კლინიკებიდან პირველმა მისცა კოვიდ ავადმყოფებისთვის საჭირო რაოდენობით საწოლები ქვეყანას-თბილისშიც და ბათუმშიც. არ იყო ეს იოლი გადაწყვეტილება- უმაღლესი დონის, რუდუნებით შექმნილი კლინიკის გადაყვანა კოვიდ რეჟიმზე..
ცალკე აღნიშვნის ღირსია სამინისტრო, რომელთანაც ყველა სხვა შემთხვევაში ოპონირების რეჟიმში ვართ და ალბათ შემდგომშიც ასე იქნება. რატომღაც მიჩნეულია, რომ მუდამ უნდა ლანძღო – “იმათ ისიც ეყოფათ, რომ მინისტრები და მოადგილეები არიან!” არადა, საშინლად მძიმე საქმეა ახლა სამინისტროში მუშაობა- დაუნახავი, უძილო და ოჯახისგან სრულიად მოწყვეტილი. მინისტრთან ერთად, სხვებიც ძირითადად ქალბატონებია და გარკვეული მიზეზის გამო, გვარებით მოვიხსენიებ, ვის მხრებზე დგას დღეს კოვიდთან ბრძოლის პოლიტიკა: გაბუნია (ყველაზე მეტად!), ადამია და წოწორია. ალბათ მიხვდით, რატომაც მოვიხსენიე გვარებით თუმცა გვარის შესაბამისი კუთხიდან არ არის ყველა.
ბევრჯერ მითქვამს, რომ კლინიკურ საქმიანობაზე არანაკლებ საქმეს აკეთებენ სხვა სამედიცინო სამსახურები:ეპიდემიოლოგები, სასწრაფო; არასამედიცინო სამსახურები: პოლიცია, დასუფთავება. ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და სამწუხაროდ კიდევ მოუწევთ, ჩვენს ჯარის ნაწილებს…
და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ყველა ის თბილისელი, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც თავის, ასევე თანამოქალაქის ჯანმრთელობას. იცავს ყველა დადგენილ წესს. ყველა ასეთი მოქალაქე არის თბილისის ჭეშმარიტად საპატიო მოქალაქე!!
… რომ გადავხედე ნაწერს, კიდევ უფრო მომერიდა ამ წოდების მიღება. მაგრამ მიჩვეული ვარ, რომ მიმართლებს! გამიმართლა ოჯახშიც, მეგობრებშიც, კოლეგებში, თანამშრომლებში და როგორც ახლა გაირკვა- თანამოქალაქეთა სიყვარულშიც!
დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა ყველას!”-წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები