LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომედიის ,,ზაზუნას დღე” გადაღება ჰაროლდ რემისს ფრიდრიჰ ნიცშეს ,,მხიარულმა მეცნიერებამ” შთააგონა – საინტერესო ფაქტები ყველა დროის საუკეთესო ფილმზე

336
ზაზუნას დღე

ყოველი წლის 12 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკაში ე.წ. „ზაზუნას დღე“ აღინიშნება. პენსელვანიის შტატის პატარა ქალაქ პანქსატონში ზამთრის ძილის შემდეგ გამოფხიზლებული და სოროდან გამომძვრალი ზაზუნას ქცევაზე დაკვირვებით ადგილობრივები გაზაფხულის მოსვლას წინასწარმეტყველებენ. სწრედ ორიგინალურ ტრადიციას მიუძღვნა ჰაროლდ რემისმა კომედია ,,ზაზუნას დღე”, რომლის პრემიერა 1993 წელს ჯერ ქალაქ პანქსატონში, მერე ამერიკისა და კანადის კინოთეატრებში მოეწყო.

ფილმის ერთი შეხედვით რთული სიუჟეტი სინამდვილეში მარტივი და ძალიან სახალისოა, რადგან ე.წ. დროის ყულფში გაბმული ტელემეტეოროლოგი ფილ კონორსი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, როცა ცხოვრების და ადამიანებთან ურთიერთობის გადაფასებით საკუთარი შეცდომების გამოსწორებას იწყებს და საყვარელი ქალის კეთილგანწყობას იმსახურებს.

მართალია, დღეს ,,ზაზუნას დღე” წარმოუდგენელია ბილ მიურეის ჩვეული ირონიის გარეშე, მაგრამ თავიდან ჰაროლდ რემისს მხოლოდ ტომ ჰენქსის ხილვა სურდა ფილ კონორსის როლში და  სწორედ მასზე მორგებით სთხოვა სცენარისტ დენი რუბინს ისტორიის მოფიქრება, თუმცა ჰენქსის კანდდატურა ფილმის პროდიუსერმა ტრევორ ალბერტმა დაიწუნა, რადგან ჩათვალა, რომ 1990-იანი წლების ჰოლივუდის “მთავარი რომანტიკოსის” კანდიდატურა ნაკლებად გაამართლებდა ცინიკოსი ტელეწამყვანის როლში.

ფილმზე მუშაობისას მიურეი უხასიათოდ იყო, რადგან გადაღებები მეუღლესთან განქორწინების მძიმე პროცესს დაემთხვა. პრობლემების დავიწყება მსახიობმა სამუშაოზე ყურადღების გადატანით სცადა და არც თვითონ მოისვენა, არც რემისს მისცა მოსვენების საშუალება, რადგან დღეში რამდენჯერმე ურეკავდა შეკითხვებითა და საკუთარი წინადადებებით.

მიურეის ძალიან გაუჭირდა ზაზუნასთან საერთო ენის გამონახვა და მის ბასრ კბილებსაც რამდენჯერმე ემსხვერპლა, თუმცა საშინელ ტკივილს გაუძლო და უარი თქვა გადაღებების გადადებაზე.

სცენა, როცა ახალგაღვიძებული ფილი მაღვიძარას ამტვრევს, არც ისე მარტივი გადასაღები აღმოჩნდა, რადგან მიურეიმ დიდხანს ვერ შეძლო საათის გატეხვა. საქმეში ოპერატორი ჯონ ბეილი ჩაერთო, რომელმაც მხოლოდ ჩაქუჩით შეძლო მაღვიძარას გაჩუმება.

მართალია, სიუჟეტის მიხედვით ფილმის მოქმედება პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ პანქსატონში ვითარდება, მაგრამ სინამდვილეში ფილმი ილინოისის შტატში, ქალაქ ვუდსტოკშია გადაღებული. სხვათაშორი, წყლის გუბე, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ვარდება, ფილმის გამოსვლის შემდეგ ვუდსტოკის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა და საკუთარი მემორიალური დაფაც შეიძინა წარწერით “აქ ბილ მიურეიმ დადგა ფეხი”.

ჰაროლდ რემისის მტკიცებით, ერთიდაიგივე დღით მთავარი პერსონაჟი 34-ჯერ, მთელი 10 წელი ცხოვრობს, სანამ დროის ყულფიდან თავის დაღწევის გზას არ პოულობს. მართალია, პირვანდელი ჩანაფიქრით კონორსს “დროის ტუსაღად” მეგობარი ქალი აქცევდა, რომელიც დაუფიქრებლად მიატოვა, განაწყენებულმა ქალბატონმა კი, ასევე დაუფიქრებლად დაწყევლა, მაგრამ სცენარის დამუშავების შემდეგ რემისს ნაკლებად მიმზიდველად მოეჩვენა მსგავსი ვერსია და ტელემეტეოროლოგი საკუთარი შეცდომების მსხვერპლად აქცია.

ჰაროლდ რემისის განცხადებით, კომედიის გადაღება მას ფრიდრიჰ ნიცშეს ,,მხიარულმა მეცნიერებამ” შთააგონა, რომლის მთავარი პერსონაჟი ფილ კონორსის მსგავსად წლების მანძილზე ცხოვრობს ერთი დღით.

ეპიზოდში, როცა ფილ კონორსი რახმანინოვის ნაწარმოების დაკვრას სწავლობს, მსახიობი მართლაც თავად უკრავს ფორტეპიანოზე. თუმცა, მიურეის არასდროს მიუღია მუსიკალური განათლება და როგორც თავად აღნიშნა, ნოტებსაც ვერასდროს ცნობდა, თუმცა კარგი სმენის პატრონს მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი დასჭირდა რთული ნაწარმოების შესასწავლად.

სიმღერა Weatherman, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ფილმს, რემისმა კომპოზიტორთან ჯორჯ ფენტონთან ერთად დაწერა, პოპულარულ კომპოზიციას I Got You Babe-ს კი, რომელიც ყოველ დილას აღვიძებს ფილს, Sonny & Cher-ის ცნობილი დუეტი ასრულებს.

ფილმის პრემიერის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ამერიკელების ინტერესი ზაზუნა ფილის მიმართ და ერთი წლის შემდეგ პანქსატონს, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 6 ათას ადამიანს შეადგენდა, მთელი 35 ათასი სტუმარი ეწვია. მეტიც, ფილმი იმდენად პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, რომ ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოთქმა “ზაზუნას დღე” მონოტონური, რუტინული ცხოვრების სინონიმადაც იქცა.

რემისის კომედიამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რომელთაც განსაკუთრებით მსახიობთა დასის არაჩვეულებრივი თამაში, ორიგინალური სცენარი და ფილმის ფილოსოფიური კონტექსტი აღნიშნეს.

2006 წელს გამოცემამ Premier-მა ფილმი ყველა დროის 50 საუკეთესო კომედიის ნუსხაში შეიტანა, ერთი წლის შემდეგ კი,”ზაზუნას დღე” ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის ფანტასტიკური ჟანრის ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა და შეერთებული შტატების ფილმების ნაციონალურ რეესტრში კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის კინოხელოვნების ნაწარმოების სტატუსით შევიდა.

წარმატებული აღმოჩნდა ფილმი კომერციული თვალსაზრისითაც, რადგან დახარჯული 14 მილიონი დოლარის ფონზე 70 მილიონზე მეტი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები