კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილმა, ყველაზე მთავარი საკითხები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიგეს და ტრენინგების გავლას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
ჟვანიას განმარტებით კი “ეს საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა”.
“კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია არსებობს, მათ შორის გვხვდება ანგარიშებში. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ რამენაირად გამოასწოროს აღნიშნული პრობლემა. თუმცა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საარჩევნო კანონმდებლობა თავისი არსით რთული კანონმდებლობაა და ის პროცედურები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ განსახორციელებელი, არ არის მარტივად შესასრულებელი.
ჩვენ შეიძლება ეს მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში არიან კომისიის წევრები, მათ ამ ერთი თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები. ეს არ არის საკმარისი ამ რთული პროცედურებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ დაშვებულ შეცდომებს კომპლექსური მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ძირითადი მიზეზი კოვიდპანდემია და სტრესი იყო.
“მე პირადად მიმაჩნია, რომ იმ შეცდომების ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს პანდემია — ამ ადამიანებს მოუწიათ მუშაობა არაორდინალურ პირობებში. ეს იყო ხელთათმანებით, პირბადეებით, სახის ფარებით, დაცვის საშუალებებით, პერიოდული წმენდებით… უამრავი დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა საარჩევნო პროცესში და პანდემიასთან დაკავშირებული წესები ისედაც დატვირთული საარჩევნო პროცედურების თანმხლები გახდა.
მეორე ფაქტორი იყო უდიდესი სტრესის პირობებში მუშაობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ძალიან უჭირთ პროცესი, როდესაც მათ უწევთ უდიდესი ზეწოლის, მოთხოვნების ქვეშ მუშაობა. პრაქტიკულად, მათ არა აქვთ კომფორტის ზონა. ეს არის ორგანიზაციული პრობლემებიც კი, ვინაიდან გვქონია უბნები, სადაც 20 კვადრატში არის განთავსებული 12-წევრიანი შემადგენლობა და იმას ემატება წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების შემადგენლობა.
ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ემატება, შეიძლება პოლიტიკური ინტერესი, პირადი ინტერესი და ამ ადამიანებს ძალიან რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა”, — განაცხადა თამარ ჟვანიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.