პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაზე დადგა ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, თუმცა პროექტის აღნიშნული ვერსია კენჭისყრაზე ჩავარდა.
კომიტეტის ფარგლებში, დეპუტატები ცვლილებებზე დღეს ექვსი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით:
◼ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს;
◼ ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა;
◼ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც. 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
კანონპროექტების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.