LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს

464
BeFunky-collage - 2023-03-15T214911.758

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ვრცელდება ზვიად გამსახურდიას „ფეიკ“ ინტერვიუები, რომლის მიზანია საქართველოს პირველი პრეზიდენტი „რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ წარმოაჩინონ“.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს (გაზეთი “ნაროდნაია პრავდა”). ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში. პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის წინ გამოჩნდა ქსელში. ინტერვიუში იგრძნობა შევარდნაძის რეჟიმის და მოსკოვის დაკვეთა, ზვიად გამსახურდია წარმოაჩინონ რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ, რომელიც პრიმიტიული ნაციონალიზმის წვენში იხარშება.

საერთოდ ზვიად გამსახურდიას უცნაური ბედი ხვდა წილად. თავის დროზე ის ადამიანების უფლებებს იცავდა, მაგრამ თავად მისი უფლებები, როგორც ადამიანისა, უკიდურესად დაირღვა. სიმართლის დადგენას ცდილობდა, მაგრამ თავად მისი გამონათქვამები დამახინჯდა ან მიეწერა ისეთები, რომელიც სხვებმა, მისმა ოპონენტებმა თქვეს ან სულაც პროგრამაში ჩაწერეს (როგორც მაგალითად “საქართველო მხოლოდ ქართველებს” და ა.შ.) გაყალბდა თვით მისი ამ წუთისოფლიდან გასვლის რეალური ისტორია. ფეიკ-მაისტერები დღემდე განაგრძობენ მისი ზრახვების, პოლიტიკური ნაბიჯების, მისი რეალური პოლიტიკური კურსის, მისი ბიოგრაფიის გაყალბებას.

როგორ შეიძლებოდა პეტერბურგელი ფეიკ-მაისტერების რუსულ ციხეში დაყენებული მძაღე ინფორმაციული “ბრაგა” სინამდვილე იყოს, როდესაც ძალიან მალე ზვიად გამსახურდია, როგორც დევნილი პრეზიდენტი გროზნოდან ფინეთსა და ავსტრიაში იყო ჩასული, გააკეთა უაღრესად კორექტული და მიზანმიმართული მიმართვები დასავლეთის მთავრობებისადმი, პრესკონფერენციები, გამოსვლები? და მოწვევა დიდი ბრიტანეთიდანაც ხომ მიიღო? ვერ ჩავიდოდა თუ რა, მოსკოვში? სხვა საქმეა, რომ თავად დასავლეთს არ ჰქონდა ჯერაც ერთიანი, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს სხვა კაპიტელია. ზვიად გამსახურდიას რაც სწამდა და სინამდვილედ მიაჩნდა, ის ერთჯერადად არ ამბობდა – სხვადასხვა მოდიფიკაციით ვარიაციებში, სულ იმეორებდა, თუ ბეჭდვით მედიაში, თუ ელექტრონულში. ამაზე მეტყველებს მისი ოფიციალური განცხადებების, მიმართვების და ინტერვიუების ხუთტომეული, 1990-1993 წლებისა, რომელიც გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ე. ჯგერენაიას მეცადინებით. იქ ნახავთ ამის ბევრ საპირისპიროს. ბევრს, ერთს არა.

ვინც ასეთ “ინფოებს” ავრცელებს, მისმა პატრონებმა იციან: როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, იგი მაშინვე დაბრუნდება 1992 -1995 წლების ბანდიტურ კოშმარში, ან შესაძლოა უარესშიც. ამას მოვლენების დღევანდელი დინამიკაც გვიჩვენებს.

გაიგეთ ფეიკ-მაისტერებო, ტროლნო ამა ცხოვრების? ცუდად ხართ ატროლებულები. ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს თქვენს ბოგინს.

P.S. ახლახანს აუღიათ რაღაც სხვა ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტი ინგლისურად საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე და თარჯიმანის ხმა ისე დაადეს, რომ არ ისმის, რას ამბობს ინგლისურად, ფარავს ფაქტობრივად. არადა თარჯიმანი პირდაპირ კითხულობს “ნაროდნაია პრავდას” გაყალბებული ინტერვიუდან ადგილებს – ვითომ ამას საუბრობს პრეზიდენტი“, – ნათქვამია კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებაში, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g