ვირუსმა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა, შესწავლის პროცესში ახალ ფაქტებს ავლენს.
ვირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში თავის კვალს გარკვეულ ორგანოებზე ტოვებს, როგორიცაა: თირკმელი, ღვიძლი და შარდსასქესო სისტემა.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ასევე ჯანმოს კომისიების ქართველი წევრი, ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ ვირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში მაინც ტოვებს კვალს.
როგორც ის აცხადებს: მიუხედავად პანდემიის განვლილი 9 თვისა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან ვირუსთან დაკავშირებით. ჯერ ისევ ბევრი რამაა შესასწავლი და შესაძლოა სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სამკურნალო საშუალების მხრივ წინსვლა არ გვაქვს. თუმცა დადებითი ფაქტია, იმის ცოდნა, რომ ვირუსმა დიდი მუტაცია არ განიცადა, რაც ხელს უწყობს მასთან გამკლავებას.
ზაზა წერეთელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა ვირუსთან ბრძოლაში მშვენივრად იმუშავა. მისი შეფასებით, მათ ასე კარგად რომ არ ემუშავათ, მეტად სავალალო შედეგამდე მივიდოდით. ჩვენი პრობლემა, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არის, ის რომ ევროპაში ჯანდაცვის სისტემა უფრო მწყობრშია, ვიდრე საქართველოში.
“ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი სისტემა იძულებული იყო ნებისმიერი პაციენტი გადაგვეყვანა ჰოსპიტალში, რაც ასე არ უნდა ყოფილიყო. ჰოსპიტალში ხვდება მხოლოდ მძიმე შემთხვევა მთელ მსოფლიოში. ამასთან, ყველამ იცის, რომ ოქტომბერ-ნოემბერი არის გრიპების სეზონი, როცა იქნება გრიპების სეზონი, როცა ვირუსს აქვს მეტნაკლებად ისეთი სიმპტომი, როგორც გრიპს, ეს დააწვება ჯანდაცვის სისტემას. ყველა ადამიანს მოუნდება წასვლა იმის გასარკვევად, კორონავირუსია თუ უბრალოდ გრიპი. ეს გამოიწვევს დიდ დატვირთვას სისტემის. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების ოდენობამ მოიმატა, დადებითი არის ის, რომ მძიმე შემთხვევების ოდენობას არ მოუმატია, ისე როგორც ეს იყო თებერვალ-მარტში”, – აღნიშნავს ზაზა წერეთელი.
ჯანმოს კომისიების ქართველი წევრის თქმით, ნებისმიერი ვაქცინის შექმნას დაახლოებით სამი წელი სჭირდება. დღეს კი ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. დაჩქარებული წესი კი მომავალი წლის მარტს გულისხმობს. ზაზა წერეთელი ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ვაქცინას აქვს ბევრი უკუჩვენება. მეცნიერებმა კი, თუ ეს რისკი არ გათვალეს, შესაძლოა მეტად უარესი შედეგი მივიღოთ.