LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე 25 წელია, პოდიუმზე დგას – „ეს თარიღი ჩემი დაბადების დღესავით მიყვარს…“

1149
kristi-yifshidze-news21213

დღეს, 4 ნოემბერს, შესრულდა 25 წელი, რაც ცნობილმა ქართველმა მოდელმა, კრისტი ყიფშიძემ პირველად შედგა ფეხი პოდიუმზე – „ძალიან ხშირად მომიყოლია, მაგრამ სულ სიამოვნებით გავიხსენებ სასტუმრო „მეტეხში“ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენებას, სადაც პირველად გამოვედი პოდიუმზე. 17 წლის ვიყავი. მაშინვე მივხვდი, რომე ს საქმე ძალიან მომეწონა. არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიქნებოდი ამ სფეროში, ზოგისთვის ეს 5 წელია, ზოგისთვის 10, დღეს კი პოდიუმზე პირველად გამოსვლიდან 25 წელი აღვნიშნე. ეს თარიღი ჩემი დაბადების დღესავით მიყვარს…“

დღეს არა, მაგრამ გუშინ, 3 ნოემბერს, კრისტი ყიფშიძე დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე წარდგა და როგორც ყოველთვის, ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მასთან ერთად პოდიუმზე გამოვიდა მისი ქალიშვილიც, ნატალია – „შეიძლება ითქვას, რომ ნატალიასთვის ეს სფერო ძალიან ახლოსაა. მუცელში რომ მეჯდა, მაშინაც პოდიუმზე „გამოდიოდა“ და შემდეგ რამდენჯერმე საბავშვო ჩვენებაშიც მიუღია მონაწილეობა, 3 წლის ასაკში კი დათუნა სულიკაშვილის პირველ ჩვენებაზე გამოვიდა. ზრდასრულ ასაკში მისი პოდიუმზე გამოჩენა გუშინ პირველი იყო. რეპეტიციის დროს მეხუმრებოდნენ, რომ 25 წლის შემდეგ პოდიუმზე უკვე შვილიშვილთან ერთად გამოვალ. სხვათა შორის, გამოვსულვარ ჩემს დედამთილთან ერთადაც და მისგან ბევრი რამ ვისწავლე“, ამბობს კრისტი fortuna.ge-სთან საუბრისას.

 

უნდა თუ არა, რომ მისი შვილიც ასევე იყოს შეყვარებული მოდელობაზე? – „ნატალიამ „ჯიპაში“ ჩააბარა და მედიაკომუნიკაციის ფაკულტეტზე სწავლობს. ამას წინათ კასტინგზე იმიტომ არ წავიდა, რომ ლექცია ჰქონდა. მისი ეს მიდგომა ძალიან მომეწონა. მინდა, რომ ამ სფეროში იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოუნდება…“

როგორც კრისტი ამბობს, მოდელობამ, რომელიც მისთვის ჰობიდან მთავარ საქმედ იქცა, უამრავი სხვა საინტერესო საქმე შემოიტანა მის ცხოვრებაში, თუმცა ყველაფერი მაინც მოდის სფეროს უკავშირდებოდა.

კრისტის საკუთარი საქმის მიმართ, რომელზეც შეყვარებულია, ენთუზიაზმი 25 წლის შემდეგაც გაჰყვება. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობს – „საუკუნის მეოთხედი პოდიუმზე გავატარე. ჩემი თაობის მოდელი გოგონები მუშაობენ, ფოტოგადაღებებშიც მონაწილეობენ, მაგრამ პოდიუმზე არავინ აღარ დგას ჩემ გარდა. სანამ დამპატიჟებენ, სანამ მიმიწვევენ, სიამოვნებით დავთანხმდები შეთავაზებებს. მიუხედავად ამისა, ბოლომდე კმაყოფილი ჩემი თავით არასდროს ვარ, რადგან თვითკრიტიკული ვარ და რაღაცას ყოველთვის გამოვნახავ, რაც არ მომეწონება. მაქსიმალისტი ვარ და სულ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იყო, მაგრამ შემდეგში უკეთესი უნდა ვიყო“.

ნინო მურღულია

 

ფოტო: ლეკო ჭყონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g