ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.
მისი განმარტებით, ლავროვი კვლავაც მის ჩვეულ ნარატივს მიყვებოდა უკრაინასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
„შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჩავუშოღლუს, რომ მოახერხა ამ შეხვედრის ორგანიზება. ეს ადვილი არ იყო. მან პირველად გაამარტივა რუსეთისა და უკრაინის მინისტრების კონტაქტები მას შემდეგ, რაც რუსული აგრესია დაიწყო.
საუბარია იყო როგორც მარტივი, ასევე რთული. მარტივი იმიტომ, რომ მინისტრი ლავროვი მიყვებოდა თავის ტრადიციულ ნარატივს უკრაინასთან დაკავშირებით. რთული კი იმიტომ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რათა სულ მცირე მომენახა დიპლომატიური გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ტრაგედიისთვის, რომელიც ვითარდება საბრძოლო რეგიონებში, ალყაშემორტყმულ ქალაქებში. ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი.
მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლიუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ და დასძინა, რომ სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.
„სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე.
ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით.
ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით ძალისხმევას, რათა მოგვეძებნა გადაწყვეტილება ჰუმანიტარული პრობლემებისთვის ადგილზე. მე მზად ვიქნები, შევხვდე კვლავ აღნიშნულ ფორმატში, მოცემულ ფორმატში, თუ იქნება პერსპექტივები არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვისთვის. როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვდება, მათ აქვთ მანდატი, მოლაპარაკება აწარმოონ უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე. მანდატი, რომელიც მათ მიანიჭეს პარლამენტებმა, მათი ქვეყნების ლიდერებმა და მზად ვარ, აღნიშნული ჩართულობა გავაგრძელო იმ მიზნით, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, დასრულდეს სამოქალაქო პირების ტანჯვა და ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.