LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ “ქართუ” მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს – რას ამბობს კალაძე

349
ლაგუნა

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება. უძრავი ქონების პროექტი საქალაქო ურბანულ სამსახურს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა უკვე წარუდგინა. პროექტის დეველოპმენტში კომპანია Hausart არის ჩართული. კომპლექსი საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს მოიცავს.

მერიის შესაბამის სამსახურებს პროექტთან დაკავშირებით პასუხის გაცემა 31 მარტამდე შეუძლიათ. როგორც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევაშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიას, რომელიც „ლაგუნას“ საცურაო აუზის ჩათვლით, ჯამურად 44255კვ.მეტრს შეადგენს. „ლაგუნას“ ნაგებობასთან მიმართებით, ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს. შესაბამისად, უშუალოდ საპროექტო-სამოქმედო არეალი ამ შემოთავაზებაში, წარმოადგენს 33530კვ.მ-ს.

„ყოფილი საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სივრცე მუნიციპალიტეტს გადაეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.

„საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი.თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

magti 5g