საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია, უმეტესწილად, გარე ფაქტორებით.
„წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალია და ექვს პროცენტს შეადგენს. დაღმავალი ტრენდი აქვს შიდა ინფლაციასაც, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ტრენდი არის შეუქცევადი და უკან შემოტრიალების რისკები არ არსებობს. შიდა ინფლაციაში იგულისხმება, ძირითადად, სერვისი და ის პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება. მიგრაციის ეფექტი კვლავ მაღალია, თუმცა ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიგრაციის ტალღა დაიწყო და ამას ბუნებრივი საბაზისო ეფექტი ექნება. ასევე, ჩვენს სტატისტიკაში, როდესაც ერთ წელზე მეტი ჩერდება მიგრანტი, უკვე აღარ ითვლება ტურისტად, ის უკვე ადგილობრივ რეზიდენტად ითვლება. შესაბამისად, გარკვეული სტატისტიკური გადაადგილებები, შესაძლოა, ამას ჰქონდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით მიგრანტების ეფექტი კვლავ მაღალია. 10 მაისისთვის უკვე დამატებით ინფორმაციასაც მივიღებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლეჟავამ.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, კურსზე და რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი და თანხის შემოდინება, ასევე ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია.
„ეროვნული ბანკის ინტერვენციები თუ იქნებოდა ნაკლები, ვალუტა უფრო მეტად გამყარდებოდა, თუმცა სწორი პოლიტიკაა, როდესაც გვაქვს ასეთი დროებითი ფაქტორები, დროებითი შემოდინება ეკონომიკაში – და ჩვენ ჯერ კიდევ დროებითად აღვიქვამთ ამ ფაქტორს – უნდა დაგროვდეს რეზერვები, რათა მსგავსი ტიპის გადინება თუ მოხდა, ამ დროისთვის საკმარისად გვქონდეს. მსგავსი მაგალითი იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მილიარდი დოლარის რეზერვი დახარჯა ერთი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი და თანხის შემოდინება, ასევე ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია. როგორც ჩანს, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით მოლოდინებმა უფრო მეტი დეპოზიტარი გადმოიყვანა უცხოური ვალუტიდან ლარზე, ამასაც თავის გავლენა აქვს კურსზე“, – განაცხადა ლეჟავამ.