LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა გაბუნია: „იუთუბის“ ჩარტის შედეგს არ გავუკვირვებივარ, საქართველოში ჩრდილო-კავკასიური მუსიკა ყოველთვის უყვარდათ…“

492
lashatopsongs

მცირე ხნის წინ „მთავარმა არხმა“ „იუთუბზე“ მოიძია და გამოაქვეყნა იმ სიმღერების ათეული, რომელსაც თბილისში უსმენდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამ სიამ, სადაც ქართველი არტისტები აშკარა უმცირესობაში იყვნენ რუსულ ე.წ. ფანოღურ სიმღერებთან შედარებით, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი და უარყოფითი კომენტარები გამოიწვია.

„იუთუბზე“ ამ მონაცემების მოსაპოვებლად ვეწვიეთ საიტს charts.youtube.com, სადაც შესაბამისი ქალაქის მითითების შემდეგ მოიპოვებთ ინფორმაციას მაგალითად ბოლო 12 თვის განმავლობაში რომელ არტისტებს და ასევე რა სიმღერებს უსმენდნენ ყველაზე აქტიურად ამა თუ იმ ქალაქსა თუ ქვეყანაში.

თბილისის ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ტოპარტისტებს შორის არიან: ნინო ჩხეიძე, ემინემი, მასტერი, BTS, დათო კენჭიაშვილი, დუეტი „ლეონიი“, ისლამ იტლაშევი, „ეგო“, Blackpink და Miyagi.

ტოპსიმღერებს შორის არის: კასანდრას, ოლე კენზოვის, არსენ შახუნცის სიმღერები, კაბუსა და ნინო ჩხეიძის ნამუშევრებთან ერთად.

მუსიკის ჟურნალისტს, ლაშა გაბუნიას დავუკავშირდით კომენტარისთვის. ის წლებია, ამ სფეროში მუშაობს და არაერთი სტატია მიუძღვნა ქართულ მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებს. როგორც ლაშამ fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, „იუთუბის“ მთვლელის შედეგი არ გაჰკვირვებია.

ლაშა გაბუნია:

რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ გამკვირვებია. მე ვიცნობ და ალბათ, ბევრი სხვაც, გამონაკლისი არ ვარ, რა ტენდენციებია საქართველოში მუსიკის მიმართულებით. ფანოღი საქართველოში ყოველთვის უყვარდათ, თუმცა ადრე უფრო მეტად ანდერგრაუნდი იყო, რადგან ფილარმონიის სცენაზე მათ არავინ უშვებდა. ხშირად მექორწილეებისა და მძღოლების სიმღერებად მოიხსენიებდნენ. ქართველებს ეს მუსიკალური ჟანრი მოსწონთ, არის საქართველოში რამდენიმე რადიო, რომელიც ამ მუსიკას ატრიალებს და ძალიან რეიტინგულია.

საქართველოში ასევე ძალიან უყვართ ჩრდილო-კავკასიური მუსიკა, დაღესტნური, ინგუშური, ჩეჩნური… თუკი მოინახულებთ ამ გვერდებს, სადაც ამ მომღერლების სიმღერებია განთავსებული, ბევრი ქართველის დადებით კომენტარს იხილავთ. იგივე ხდება ქართულ სიმღერებზე მათი მხრიდან. ახლა ტრიო „მანდილი“ მახსენდება და უფრო ნიჭიერებიც, ვიდრე ეს ტრიოა, მათაც უწერენ ინგუშები და დაღესტნელები, ისე გვიყვარს ეს მუსიკაო… საერთო კავკასიურ წრეში ვიხარშებით და ამიტომაც არ გამკვირვებია.

რა თქმა უნდა, ჩვენთან უყვართ მსოფლიო პოპმუსიკა, ამიტომაც არის ჩამონათვალში ემინემი. ასევე BTS, ე.წ. K-Pop, რომელსაც ქართველ თინეიჯერებს შორის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ბევრმა შეიცხადა ეს შედეგები, მაგრამ სრულიად ბუნებრივი პროცესია. საქართველოში მსმენელის უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ნორმალურ, ხარისხიან მუსიკაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიის წარმომადგენლებიც ვაკლებთ საზოგადოებას ისეთ მუსიკას, რომელიც მეტ-ნაკლებად ნორმალურად არის აღიარებული მსოფლიოში. მედიას გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა აქვს. თავიც არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ბრამსზე და ბახზე ვართ გაზრდილები ყველანი. ჩვენ მოვისმინეთ ყველანაირი მუსიკა და მერე არჩევანი გავაკეთეთ. მე როკი უფრო მეტად მიყვარს და ეს ჩემი ინდივიდუალური არჩევანია. მედიამ ითამაშა გარკვეული როლი, როცა არჩევანს ვაკეთებდი. ხშირად ვუყურებდი ევგენი მაჭავარიანის გადაცემას. ასეთ დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არც ბიზნესმენებს სურთ ასეთ გადაცემებსა თუ პროექტებში ფულის ჩადება და არც მედიაშია განვითარებული ეს მიმართულება.

თმების გასაშლელად საქმე არ გვაქვს. ბუნებრივად, თვითდინებას მიჰყვება ეს სფეროც. სხვათა შორის, გადავხედე ანალოგიურ ჩარტს სომხეთსა და აზერბაიჯანში, სომხური ჩვენსას ჰგავს, აზერბაიჯანულ ათეულში კი ძირითადად, მაინც იქაური მომღერლები არიან, რაც, ვფიქრობ, კარგია.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g