LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ნაჭყებიას მძიმე პერიოდი: „ამ ზაფხულს ყველაფერი ჩამომეშალა თავზე… საკუთარ თავს საქმეში ვემალებოდი…“

19234
ლუკა

„მასტერშეფის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია, რომელსაც „აკადემია ლაუნჯში“ შევხვდით, გვესაუბრება მძიმე პერიოდზე, რომელიც გადალახა, თვითანალიზზე, საკუთარი შეცდომების გააზრებაზე და ახალ ცხოვრებაზე, რომელიც დაიწყო…

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, მითხარი, რომ სულ ფიქრობ, რა გაქვს გაკეთებული ცხოვრებაში და რაიმეს დატოვებას თუ მოახერხებ, რით არის ეს ფიქრები განპირობებული?

საკუთარი თავის ფსიქოანალიზი შემოგთავაზოთ? შფოთვის გარეშე არსებობა შეუძლებელია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობაში რა ლიტერატურაც მიყვარდა და კინემატოგრაფი, ალბათ, ესეც მაპროგრამებდა, რომ იდეალები ჩემს თავზე მეტი უნდა ,ქონოდა. ეს, სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში მუდმივი დისონანსის გამომწვევი აღმოჩნდა. ჩემს სუპერ ეგოში ჩამოყალიბებული იდეალების დევნაში საკუთარი თავი მავიწყდებოდა, – რომ უნდა მივიღო სიამოვნება, მივხედო საკუთარ თავს. ამან ძალიან მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა გამოიწვია წლების განმავლობაში. ისე მქონდა ეს დეპრესია, შენიღბულად… ექიმის ჩარევა დამჭირდა. ამ ზაფხულს ყველაფერი ჩამომეშალა თავზე. ზოგადად, დახმარების მიღება ძალიან მიჭირს, ძლივს ვიპოვე თერაპევტი, ვისაც ვენდობოდი. მხარდაჭერა მივიღე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგანაც. პანდემიამაც, რასაკვირველია, მისცა ბიძგი – დაგვანახვა ყველას, რა ხდება, გასაქცევი არსად იყო. თუმცა სრულად პანდემიასაც ვერ დავაბრალებ, რადგან ჩემი ცხოვრების წესი ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა, ისედაც არ ვიყავი გარეთ მოსიარულე ტიპი, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარდა, ჩემი ჰობი ორი ადამიანის იქით არ მოიცავდა, ბუნებაში გასვლა იქნებოდა ეს თუ სროლა, მოტოციკლი… გარაჟში წოლას 80 კაცში ყოფნა არ სჭირდება. „გულაობა“ ჩემი არასდროს იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს თერაპიის მიზნით დავიწყე „გულაობებზე“ სიარული. ეს არის მექანიზმი, რომ შფოთვის ელემენტები დავაწყნარო. არ ვიცი, რა დონეზეა ჩემთვის შესაძლებელი მისვლა, რა რესურსი მაქვს ბოლომდე დასამარცხებლად, ამისი ბოლომდე არ მწამს, მაგრამ იმედია, ვირწმუნებ.

რა გეხმარება ყველაზე მეტად? არ თქვა, რომ საქმე…

საკუთარ თავს საქმეში ვემალებოდი. სულ ვაბრალებდი ხოლმე, შრომისმოყვარე ვარ-მეთქი, მაგრამ რეალურად მშიშარა ვარ, რომელიც პრობლემებს საქმეში ემალებოდა. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ძალიან ცოტა ხნის ამბავს გეუბნები, სამი კვირის ამბავს – ახლა მივხვდი, რომ სულ საქმეში ყოფნა არ არის ის, რაც მაღალი იდეალების მატარებელი მეგონა. უბრალოდ, გასაქცევი იყო.

პირად ცხოვრებაში, ვიცი, რომ ძალიან გიშლიდა ხელს…

აღმოჩნდა, რომ პირად ცხოვრებაში რა პრობლემებიც მქონდა, საქმეში გავურბოდი.

ახლა როგორი მიდგომა გაქვს საქმისადმი? ვიცი, რომ მაინც ძალიან დაკავებული ხარ…

რა თქმა უნდა, ვმუშაობ, რადგან პასუხისმგებლობა მაქვს.

და ალბათ, არ გინდა იმ პოპულარობისა და რეპუტაციის დაკარგვა, რაც ამდენი შრომით მოიპოვე…

ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო, რაც აქამდე საქმისგან მქონდა, არასდროს იყო დაკავშირებული პოპულარობასთან – მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ პოპულარობა მნიშვნელოვანი ბერკეტია იმის გასაკეთებლად, რაც გინდა. რამდენიმე პროექტი მაქვს, მათ შორის „შეფ ქეივი“ და კიდევ პატარა სკოლა…

კულინარიის აკადემიიდან ამიტომ წამოხვედი?

დროის უკმარისობის გამო. იქ განვითარების მაღალი ტემპია, დიდი მიზნებისკენ მიილტვიან, მაგრამ მე ვეღარ ვახერხებდი, დავწეოდი მათ ტემპს ისე, რომ ჩემი პირადი ტემპი არ დამეგდო, ამიტომაც საბოტაჟი რომ არ ყოფილიყო, წამოვედი. აღარ მქონდა რესურსი, რომ იქაც დავრჩენილიყავი. აკადემია მომწონდა იმიტომ, რომ ჩემი ცოდნის გადაცემა შემეძლო. ახლა კი ამისთვის ბევრად მეტი სხვა ხერხი აღმოვაჩინე. შფოთვას ვიწყნარებ ამით, რომ ჩემს ცოდნას გავცემ. შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ ამით ეგოს ვიკმაყოფილებ. მინდა, ცოდნა გავცე, რომ სხვაც მაგარი იყოს, მერე მე რომ იძულებული გავხდე, უკეთესი ვიყო. რეალური მოტივაცია, რომ უკეთესი ვიყო, ციდან ხომ არ დამეცემა?

„მასტერშეფში“ ვინმე მაგარი რომ მოდის, კონკურენციის არ გეშინია?

ალბათ, გამიმართლა, როცა ჩემი ფსიქიკა ყალიბდებოდა, რომ ასეთ რაღაცაზე არასდროს ვიბოღმები და ვკომპლექსდები. უნდა ნახოთ, როგორ მიხარია შექება და ადამიანების წინსვლა, ისე მსიამოვნებს, რომ თმა ყალყზე მიდგება. მე მაქვს ჩემი რესურსი და პრაქტიკულ-თეორიულ ნაწილში ბევრ რაღაცაში ჯერ კონკურენტი არ მყოლია, მაგრამ იმდენი რაღაცაა, რაშიც სხვა მჯობია… როცა ადამიანს უფასებ, ყოველთვის უკან გიბრუნდება. როცა იცი, ყველა ვარიანტში გაჯობებს, რატომ არ უნდა დაუფასო?

როგორ ხდება ისე, რომ საზოგადოების ნაწილს ჰგონიხარ ძალიან მკაცრი და ზოგჯერ უსამართლოდ ენამწარეც და ზოგი ამბობს, – „ვაიმე, ლუკა რა საყვარელია“.

რთული ამბავია. ვიღაცებს რომ არ ვაწყენინო, არ გამოდის. ენამწარე ვარ, რეალურად, მგონია, ბევრად უარესი რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე ტელევიზიაში ჩანს, მაგრამ ამისი მოტივაცია არასდროს არის, რომ ვინმეს ვავნო. ნეგატიური კომენტარები ჩემთვის ყოველთვის მოტივაციაა, მაგრამ ეს არის ზუსტად ჩემი მთავარი პრობლემა – რადგან მე ასე ვფიქრობ, მგონია, სხვებზეც მუშაობს კარგად, მაგრამ ასე არ არის. ემპათიური არ ვარ, ძალიან მიჭირს ეს, რადგან ჩემი თავისადმიც არ ვარ ემპათიური – რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ, მიჭირს იმის სხვისთვის პატიება. თუ დავინახავ, რომ მან გამოავლინა ძალა, მოერია რაღაცას, მაშინ მიჩნდება თანაგრძნობა. სხვებში ნებისყოფა აღმაფრთოვანებს. ეს არის ის, რაც მე მაკლია.

პირად ურთიერთობებშიც გიჭირს პატიება?

იმდენი რამ მაქვს გამოცდილი და გამოვლილი, რომ მგონია, ეს ის კითხვა არ არის, რაზეც შემიძლია პასუხის გაცემა. ერთია, რას ვფიქრობ, მეორეა – რას ვაგრძნობინებ ხალხს. ვიცი, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში, იმედია, ბევრზე ვისწავლე, მაგრამ ბევრზე – არ მისწავლია.

შეცდომები… რა გაქვს გააზრებული ბოლომდე საკუთარ თავთან?

იდეალებზე ვსაუბრობდით – მაღლა ვაყენებ თამასას საკუთარი თავისთვის, შეიძლება, არ მაქვს უნარი, რომ მას მივწვდე, სულ ვცდილობ, მივწვდე და მერე ვტყდები, ქვევით ჩამოვდივარ, აბსოლუტურ ფსკერზე. იმდენ ხანს მიწევს იქ ყოფნა, რომ აღარ არის სასიამოვნო. მაგ დროს აღარ ვარ კარგი, სათნო, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. უნარიანი ადამიანი აღარ ვარ, ვარ აბსოლუტური არა-რა, რომელიც ცოფიანი ძაღლივით ცდილობს გზის გაგნებას. ალბათ, არ მაქვს თვითშეფასების სწორი უნარი. ეს არის ის, რაზეც ყველაზე ხშირად ცხვირს ვიტეხ ხოლმე. როცა რაღაცაზე ვამბობ, რომ ამას გავაკეთებ, წავალ, ვისწავლი და გავაკეთებ. ეს მექანიზმი რომ მიმართლებდა საქმეში, მეგონა, პირადი ემოციებისასაც გამიმართლებდა, რაც ასე არ აღმოჩნდა.

პოპულარობამ კარგი და ცუდი რა მოგიტანა?

ადამიანების სითბო, რომელსაც რეალობაში ადამიანები ხშირად გამოხატავენ. კომენტარებში თუ ნეგატიურს წერენ, ამას პირადად არავინ გეუბნება. იშვიათად მიჩუყდება გული, მაგრამ ერთ შემთხვევას გავიხსენებ – ამას წინათ შემხვდა ბიჭი, რომელიც ციხეში იჯდა და მითხრა, რომ „მასტერშეფს“ განსაკუთრებულად ელოდებოდა ხოლმე. მისი უკიდეგანოდ მადლიერი ვიყავი, რომ ეს მითხრა, შეეძლო, არ ეთქვა. წარმოიდგინეთ, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გაჭირვებულ პერიოდში ელოდებოდა „მასტერშეფს“, რომ გართობისა და ასე ვთქვათ, რეალობიდან გაქცევის შესაძლებლობა ჰქონოდა… მზარეულისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. სამზარეულოს და მომსახურების სფერო დაფუძნებულია ხალხის მსახურებაზე. ადამიანი უნდა დარჩეს კმაყოფილი. ფსიქიკით ასეთი ხალხი ვართ, სხვისი სიამოვნებით საკუთარ თავს ვასიამოვნებთ.

ძალიან მიხარია, ბავშვებს რომ მოსწონთ ჩემი დანახვა. რაც შეეხება მიბაძვას, ძალიან კარგი მისაბაძი მაგალითი არ ვარ და ეს უფრო ნაკლებად მიხარია ხოლმე. კარგია, თუ იმას ისწავლიან ჩემგან, რომ ცოდნისადმი მისწრაფება მაქვს, მაგრამ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ეს ცნობისმოყვარეობა არასწორი მიზეზებით იყო გამოწვეული – სისუსტეებიდან გამომდინარე იყო ეს კომპენსაციები. შედეგი ცუდი არ არის, მაგრამ ჩემი გზის გავლას არავის ვურჩევდი. თუ ვინმე მბაძავს რამეში, მომბაძოს ცნობისმოყვარეობაში. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

პოპულარობაში ცუდი არის ის, რომ პირადი ცხოვრება ყოველთვის მახინჯდება. პირადი ცხოვრება ყველაფრისგან იზოლირებული უნდა გქონდეს. დაიწერება რაღაც კომენტარი და ნარატივი შენს ხელში აღარ არის. მაგალითს მოვიყვან – დიდი ხნის წინ დავშორდი ჩემს მეუღლეს. უცებ ერთმა ტაბლოიდურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია: „ვისთან უღალატა ლუკა ნაჭყებიამ თავის ცოლს“. სინამდვილეში, ოთხი წელი იყო გასული ჩემს მეუღლესთან გაშორებიდან იმ გოგოს გაცნობამდე. არც კი ვიცნობდი და არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. ოთხი წლის მერე გავიცანი. რა დონის აბსურდი იყო, მაგრამ ხალხი ხომ ზიანდება? ის, ვისზეც დაიწერა, ის, ვისაც ეხებოდა. მომიწია ჩამოვლამ და ყველასთან განმარტებამ, რომ ოთხი წელი იყო გასული დაშორებიდან. მერე იმ ტაბლოიდსაც მივწერე.

ერთხელ ერთ ქალთა ჯგუფში ასევე დიდი აბსურდი დაწერეს ჩემზე, თითქოს ვიღაც გოგოს მივწერე და თუ უარს მეტყოდა, მერე მისი სხვა მეგობრებისთვის ვაპირებდი მიწერას… ყველას ემოციურ მდგომარეობას გავიგებ, მაგრამ ამას რომ წერენ, სქრინები მაინც დაედოთ ან რაიმეთი გაემაგრებინათ… არ მგონია, ეს შურისმაძიებლური პოსტი ყოფილიყო, ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა გართობა უნდა და ალბათ, ეს შემთხვევა იყო… ზოგჯერ ღამის ოთხ საათზე სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, თავიანთ გაკეთებულ კერძებს მაჩვენებენ და მთხოვენ, შემიფასეო. მესმის, რომ ან ნაბახუსევია, ან თრობის დროს მწერს… ყველას გავუგებ, რადგან თავად ვყოფილვარ ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ არავის განვსჯი, მაგრამ პირადი ზიანის მოყენებაზე რომ გადმოდიან, ამას ვერ მოვიწონებ.

პირადი ურთიერთობების გასაჯაროებას ალბათ, მოერიდები, თუმცა გქონია ასეთი ურთიერთობაც…

მაქსიმალურად დავმალავ… კი, მქონია ასეთი საჯარო ურთიერთობა და ამან ურთიერთობაზე ძალიან იმოქმედა, გაგრძელდა მალულად, მერე რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. ამ საჯარო ურთიერთობით ვისწავლე ბევრი რამ. ეს არის პოპულარობის ცუდი ნაწილი. კიდევ ასეთ მაგალითს მოვიყვან – მეგობრებში რასაც ვხუმრობ, და მათ იციან ჩემი ბოროტი ხუმრობების შესახებ, ის არ უნდა ვთქვა სხვაგან, რადგან მავიწყდება, რომ რეალურად, ადამიანების მხოლოდ მცირე პროცენტი მიცნობს ისეთს, როგორიც ვარ.

რა გესიამოვნებოდა, რომ შენ შესახებ იცოდნენ ადამიანებმა?

ის, რომ მიუხედავად ჩემი თეატრალურობისა – მეზარება, რომ არ ვიყო გულწრფელი. მახასიათებდა მანიპულატორობა საქმეში, მაგრამ ეს ჩემი აზრით, ყოველთვის კეთილთვისებიანი იყო. მავნებლობა არ მახასიათებს. დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ მანიპულირება საერთოდ არ მიმართლებს და ახლა ვარ უაზროდ გულწრფელი.  რომ შევადარე, გულწრფელობას უფრო მეტი გამართლება ჰქონია. გულწრფელობა ყოველ ჯერზე იგებს, რადგან ფაქტებთან ბრძოლა ძალიან რთულია… მართლა ძალიან დაღლილი ვარ იმით, რომ ვიღაცას რაღაც დავაჯერო. ასმა კაცმა რომ მაგინოს და ხუთმა შეირგოს, იმ ხუთი კაცის გამო ღირს რაღაცის კეთება…

ლოკაცია: „აკადემია ლაუნჯი“

ფოტო: ანდრო ოსადჩევი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები