LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა შალიკაშვილი: „ვბედავ, შევეხო პოეზიის მარგალიტებს. მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, შენი ლექსი რომ მოვისმინე, ძალიან ცუდად ვიყავი და სიცოცხლით ავივსეო…“

476
მაკა-შალიკაშვილი

როცა მაკა შალიკაშვილს სადმე შეხვდებით და მოიკითხავთ, როგორ არის, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ არის ძალიან კარგად. ეს პასუხი მის ცხოვრებას კარგად ახასიათებს, მიუხედავად სიძნელეებისა, სილაღესა და ოპტიმიზმს არასდროს კარგავს და უნდა, ეს თვისება არც შემდეგ წლებში დაკარგოს…

ახლახან მაკა ამღერდა. დათო არჩვაძემ 15 წლის წინ მას სიმღერა დაუწერა, რომელიც ახლა სპეციალურად „ღამის პრაიმ ტაიმისთვის“ ჩაწერეს.

fortuna.ge-სთან საუბარიც სწორედ ამით დაიწყო…

მაკა შალიკაშვილი: 

15 წლის წინ დათო არჩვაძეს შემთხვევით შევხვდი და მაშინ გადაწყდა, რომ ჩემთვის სიმღერა უნდა დაეწერა. ხომ იცით, დათო როგორი ბიჭია? ძალიან ნიჭიერი, ძალიან იღბლიანი და ძალიან მოუხელთებელი (იცინის). თევზივითაა. მას შემდეგ, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ამ დუეტზე სულ ვლაპარაკობდით, მაგრამ შემდეგ მისი ჩაწერა ვერ ხერხდებოდა. მერე მე დამავიწყდა და თავად მახსენებდა ხოლმე. მადლობა „რუსთავი 2“-ს, რომ „ღამის პრაიმ ტაიმის“ პრემიერების გადაცემისთვის ამ სიმღერის ჩაწერა შემოგვთავაზეს..

მე მაინც მგონია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.  15 წლის წინ რომ ჩაწერილიყო ეს სიმღერა, რა თქმა უნდა, ისე ვერ ვიმღერებდი. სხვათა შორის, ჩემმა შვილმა თინანომ, რომელიც ჩემი ყველაზე ობიექტური შემფასებელია,  მითხრა, ძალიან კარგია, თუმცა შენ აქ არ მღერი, შენ აქ ლექსს ამბობო. მართალია. ყველაფერს ლექსად აღვიქვამ და ვაკვირდები, არის თუ არა ის ჩემი სათქმელი. თინანოს ვუპასუხე, რომ სწორედ ამიტომ ვარ ამ სიმღერაში, არა პროფესიონალურად სამღერლად, არამედ ლექსის სათქმელად. 15 წლის წინ ლექსებს საჯაროდ არ ვკითხულობდი, დღეს, რადგან ვასოცირდები პოეზიასთან, გამართლებულია სიმღერაში ლექსის თქმაც. თითოეული სიტყვა, რომელსაც ვამბობ ამ ჩემს ხაზში, თითოეული ბგერა, არის დატენილი ემოციით, გამოცდილებით და ჩემი სათქმელით. დღეს ვფიქრობ, რომ ის, რაც ნამდვილია, ნაღდია და სათქმელია, თავის გზას, დროს აუცილებლად იპოვის.  სიმღერა ორ საათში ჩავწერეთ არაჩვეულებრივ ხმის  ჩამწერი სტუდიაში, რევაზ ედგარიძესთან. მისი საოცრად პოზიტიური განწყობისა და დამოკიდებულების წყალობით, სიმღერა ძალიან მალე, ერთ დუბლში ჩავწერეთ.  დიდი მადლობა ყოვლად პოპულარულ, წარმატებულ ნანა ცინცაძეს, რომელიც საოცარ ტექსტებს წერს.

მილიონობით ნახვა აქვს შენს ლექსებს… როგორ ფიქრობ, რა მოსწონს მაყურებელს შენს წაკითხულ ლექსებში?

ყოველთვის მიყვარდა ლექსების კითხვა, თეატრალურ უნივერსიტეტში ვიყავი გურამ საღაძის საყვარელი სტუდენტი, როცა საღამოები კეთდებოდა, ვიყავი პირველი ჩემი ენთუზიაზმით, ლექსების კითხვით. გამოვირჩეოდი ბავშვობიდან. თოჯინებით რომ თამაშობდნენ სხვები, მე ლექსებს ვამბობდი. ჩემს ცხოვრებაში სიხარული იყო თუ იმედგაცრუება, რომელიმე პოეტის ლექსში ვპოულობდი ამ ემოციებს. მერე ამ ლექსს ვამბობდი, ვტიროდი…

კარგად მახსოვს, ტელევიზიით რომელი ლექსი წავიკითხე პირველად, არასდროს დამავიწყდება… შოთა ნიშნიანიძის სიტყვები: „ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება, ყველაფერი წამიგია, მეგობრები მაკლდება…“ ამის შემდეგ დავიწყე და დავიწყე… უბრალოდ, ავიღე მიკროფონი და ვთქვი… ჩემი ცხოვრების ტკივილს გამოვხატავდი… დღეს ლექსის კითხვა გახდა ჩემი ცხოვრება, ყველაზე სასიამოვნო რამ. ლექსების კითხვა არის ყველაფერი. როცა ტექსტს ვკითხულობ, ყველაფერი მავიწყდება. ღმერთმა ყველას აპოვნინოს ასეთი საქმე. მადლობა ღმერთს, რომ ჩემში აღმოჩნდა ეს ნიჭი და თავის დროზე ლეილა კაპანაძემ დამახვეწინა მეტყველების თემა, მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც თავადაც არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსს.

საქართველოში ბევრი მსახიობი ერიდება ლექსის კითხვას, მათ შორის – ქალები განსაკუთრებულად… 

ბევრი მსახიობი არ კითხულობს, ვერ ბედავენ, ჩვენი პროფესია კი უკავშირდება იმას, რომ უნდა გავბედო. ვარ თავხედი, პირდაპირ ვამბობ და ვბედავ, შევეხო პოეზიის მარგალიტებს. რა მაბედინებს? უამრავი ადამიანი მხვდება, რომელიც მეუბნება, შენი ლექსი რომ მოვისმინე, ძალიან ცუდად ვიყავი და სიცოცხლით ავივსეო. არანაირი უფლება არ მაქვს, რომგავჩერდე. ჩემი ერთი წაკითხული ლექსი ვიღაცას შველის. მსახიობის დანიშნულება ეს არის. უნდა გამოხვიდე და უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი საქმე. თუ ერთ ადამიანს მაინც გადაარჩენ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ამას წინათ ამბობდი, რომ წლებია, ქირით ცხოვრობ და ამით დაიღალე…

ჩემს ცხოვრებაში ამას ხან აღვიქვამდი პრობლემად, ხან – არა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, მთელი ევროპა ქირით ცხოვრობს და რა მოხდა, მეც ვიცხოვრებ-მეთქი. თბილისში ბინა არასდროს მქონია, 17 წლიდან ქირით ვცხოვრობ. ბინა არაფერში ჩამიდია, არავის წაურთმევია, არ დამიკარგავს, უბრალოდ, არ მქონია. რაღაც ასაკში მინდა, ჩემი სახლი მქონდეს. მეუხერხულება კიდეც ამის თქმა, რადგან ამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში, ყველას რაღაც სჭირდება… ღმერთმა ხელი მომცა, ფეხი, ნიჭი, მიდი, მაკა და გამოიყენე… ამას ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, მაგრამ არასტაბილური შემოსავლების გამო ვერ ვბედავ ბანკიდან კრედიტის გამოტანას. მერე ძალიან უნდა ვინერვიულო და არ მინდა, გული გამისკდეს. ბანკი ხომ ვერ მაპატიებს, მე მეშინია. მინდა, რომ ლაღი ვიყო. ბევრი იყენებს დღეს ბანკის მომსახურებას საქართველოში და ყველას თავისი არჩევანი აქვს, უბრალოდ მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს სილაღეს. მერე სხვებმა რა დააშავეს, პოზიტივს რომ ვეღარ მოვუტან. როცა მკითხავენ, როგორ ვარ, ვეღარ ვუპასუხებ, რომ კარგად. ამიტომ ვარიდებ თავს ბანკიდან ფულის გამოტანას…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

ფოტო: დათუნა აგასი  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g