LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაკროეკონომიკური ტერმინებით, მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება” – ADB საქართველოში მიგრანტების შემოსვლაზე

38
რუსები ლარსზე - ზურა ცერცვაძე

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე მიგრანტების დადებითი ეფექტი შესაძლოა ერთჯერადი იყოს. საუბარია რუსეთიდან ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილ ფულად გზავნილებსა და მიგრანტების მიერ დახარჯულ თანხებზე, რომლებიც ტურიზმის სტატისტიკაში აისახება.

როგორც ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის დირექტორმა განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტებთან დაკავშირებულ შემოდინებებს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. თუმცა ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, რეგიონში გაურკვევლობა კვლავ საკმაოდ მაღალია და აღნიშნული ეფექტი შესაძლოა დროებითი და ერთჯერადი ხასიათის იყოს.

„საქართველოს მოსახლეობა არ არის მრავალრიცხოვანი, ეს პატარა ღია ეკონომიკაა და სწორედ ამიტომ, ნებისმიერ შოკს ქვეყანაზე დიდი გავლენა აქვს. იმ ათასობით ადამიანმა, რომელიც ახლა ქვეყანაში შემოდის, სადღაც უნდა იცხოვროს, უნდა იყიდოს საკვები, რაც, რა თქმა უნდა, წნეხს ზრდის საერთო მოთხოვნაზე. მაკროეკონომიკური ტერმინებით, მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება საერთო მოთხოვნისთვის – იქნება მაღალი ზეწოლა ინფლაციაზე, საკვების ფასებზე და სერვისებზე, მათ უნდა იქირაონ საცხოვრებლები და მე უკვე შევიტყვე, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, სტუდენტები საქართველოში გამოწვევების წინაშე არიან თბილისში გაზრდილი ქირის ფასების გამო. თუმცა ინფლაცია არ არის ერთჯერადი ზრდა ფასებისა, ეს არის განგრძობადი, მუდმივი მატება. მართალია, ჯერ ბევრი გაურკვევლობაა, თუმცა ჩვენ საქართველოში ინფლაციის 2022 წლის პროგნოზი მკვეთრად, 7%-დან 11%-მდე გავზარდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყანაა და ფასები ნავთობზე, გაზზე და სხვა ენერგოპროდუქტებზე ჯერ ისევ მაღალია“, – განაცხადა ლიაზიზა საბიროვამ.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო რეკორდული მოცულობის ფულად გზავნილებს იღებს და გადმორიცხული თანხების ოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. აგვისტოში, წინა თვეების მსგავსად, საქართველომ ყველაზე მეტი ($111 მილიონის) ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო და მასზე მთლიანი გზავნილების 33% მოდიოდა. გასულ თვეს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც რუსეთი ლიდერობდა, 133 მლნ დოლარით. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს.

ADB-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით, მომავალ წელს კი 6%-ით გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ კი 2022 წლისთვის ეკონომიკური პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები