გუშინ, “დინამო არენაზე” ისტორიული მატჩი გაიმართა. თუმცა, არცთუ ისე იღბლიანი აღმოჩნდა – შანსი, რომელიც საშუალებას აძლევდა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, განიავებულია. მარცხის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა განცხადება გააკეთა:
”ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩრდილოეთ მაკედონია მიდის ევროპის ჩემპიონატზე, ვულოცავ მათ. ბოდიში ყველას” – ამ განცხადების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ დარჩენილ ორ მატჩს ჩაატარებს და თანამდებობას დატოვებს.
დღევანდელი პანდემიური გარემოებიდან გამომდინარე ქვეყანაში დაწესებულია რეგულაცია, რომელიც 22:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გადადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. თუმცა, ქართველი გულშემატკივარების ნაწილი კანონს არ დაემორჩილა და ნაკრების საგულშემატკივროდ ქუჩაში გავიდა. შესაბამისად, საპატრულო პოლიციამ ფაქტზე რეაგირება მოახდინა და რამდენიმე მოქალაქეს, 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
ფეხბურთელებო, გულშემატკივრების ჯარიმები თქვენ გადაიხადეთ!
მატჩს საზოგადოებრივი არხი გადმოცემდა, ეთერის დროს საზოგადოებამ იხილა, რამდენიმე ხელისუფალი პირი თამაშს ესწრებოდა. ამას სოციალურ ქსელში პროტესტი მოყვა.
ლ. ჯობავა: დღეს თამაშს ესწრებოდა ერთი მამა-შვილი. ძალიან ბევრ ბავშვს სოფლის სკოლებში არ აქვს საპირფარეშო, ძალიან ბევრს ბავშვს რეგიონებში არ აქვს საშუალება ჩაერთოს სპორტში, ჩვენთან სპორტი ვერ ინტეგრირდა განათლებაში და განათლება ვერ ინტეგრირდა სპორტში. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც აზეპირებუნებდნენ თარიღებს და არ უვითარებდნენ ანალიზის უნარს. ხოდა ამ ყველაფრის მერე არ მიკვირს თამაშზე მხოლოდ ერთი მამა-შვილი რომ იყო და არც ის მიკვირს, რომ წავაგეთ. ამის წაკითხვის მერე ყველა “ვლასტმადიდებელს” გაქვთ საშინაო დავალება – გაეცით პასუხი შემდეგ შეკითხვას, “მამა, ჩვენ რატომ ვერ წავედით თამაშზე”?
კ. მიქელაძე: ჩემი შვილი ტელევიზორთან იჯდა, ჭირისუფალივით. მართლა კინაღამ გული გაუსკდა, ისე ინერვიულა. სტადიონზე კი არა, ისიც ვერ მოახერხეს, მეგობრებს ერთად ენახათ მატჩი. მერე, სახლებში ვერ წავიდოდნენ. აბა როგორ, კორონა ხომ 10-დან დილის 5-მდე დაძრწის ამ ქალაქში. აა, ეს მერის შვილია ხო? მანამდე ეს მერი ფეხბურთელი იყო, არა?.. ის იყო ძირითადად, საკუთარ კარში რომ იტანდა ხო? პრივილეგიების თემაა, არა? აბა მე მერი არ ვარ, არც თავხედი სამტრედიელი და აბა რანაირად მოხვდებოდა ჩემი შვილი სტადიონზე?..
ა. სინჯიკაშვილი: ”ბიჭო, აი მეტი კი არაფერზე მერევა გული! რაც დავიბადე, ყოველთვის რომ ვიღაცისთვის, რაღაცა შეიძლება ისე, რომ ჩვენთვის არ შეიძლება. კი არა, აკრძალულია თან. რაა, თქვენზე ნაკლებად გვიყვარს ფეხბურთი, თუ სტადიონზე მოსვლა დაგვეზარა ვინმეს?! ჩემი შვილით მაგ დროს გარეთ, რომ გამოვსულიყავი, 4000 ლარს დამიწერდით ჯარიმას აზრზე ხართ? მაგისთვის აჭმევინებთ ამდენ ხალხს ერთმანეთს, რომ თქვენ ეგრე იყოთ არა? არაუშავს, წინებიც ეგრე იყვნენ, იმის წინებიც და იმის წინებიც და ყველას ერთნაირად მოეხაზა! სირცხვილი და ადამიანებისთვის თავზე დაფურთხებაა ეგ, ვითომ ჩვენ ქუჩაში მოსიარულე საწველი ძროხები ვართ! საქართველოს ნაკრები კი ასეთი ხალხის გარეშეც გაიბრწყინებს, ბავშვები გვეზრდებიან მართლა ლომებივით და ჩვენთან ერთად გამოასწორებენ ყველაფერს.