მანიკა ასათიანისთვის დადებითი ემოციების გაზიარება და კომპლიმენტები ყოველდღიურობის ნაწილია. როგორც თავად ამბობს, ამით იკვებება და მისთვის გულწრფელად ნათქვამი ფრაზები დიდი მოტივაციაა… „იმედის“ წამყვანი, მოდელი fortuna.ge-ს კითხვებს პასუხობს.

მანიკა, 26 მაისის კონცერტზე ავთანდილის ულამაზეს წითელ კაბაში იყავი გამოწყობილი. ვნახეთ ვიდეო, სადაც კაბას იზომავ და პატარა ბავშივით გიხარია. როგორც ჩანს, ეს ემოციები სულ გაქვს… 

როცა რაღაც მოლოდინი გაქვს და ის მართლდება, უფრო გიხარია. სიხარულის გამოხატვის მომენტი ყველაფერთან მიმართებით  მაქვს და ძალიან მადლობელი ვარ. პატარა-პატარა რაღაცებით თუ არ ავივსებთ ჩვენს ყოველდღიურობას, დღევანდელ დღეს ძალიან გაგვიჭირდება.

კომპლიმენტი შენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ როგოი შეგრძნება გაქვს, როცა კარგ კომენტარებს კითხულობ?

რომ ვთქვა, არ მიხარია-მეთქი, ტყუილი იქნება. თან, განვეკუთვნები ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც მოტივაციისთვის სჭირდება ერთი ტკბილი სიტყვა, კომპლიმენტი. ზოგი რაც უფრო მეტ წინაღობას შეეჩეხება, მიუთ უფრო მებრძოლი ხდება. ჩემი მოტივაცია არის დადებითი ემოციოები და კარგი კომენტარები უცხო ადამიანებისგან. არ მქონია შემთხვევა, რომ ცუდი კომენტარი წამეკითხოს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად მაკრიტიკებს. ჩემი ყოველდღიურობაა კომპლიმენტები, ძალიან მივეჩიე და ამის მიუხედავად, ძალიან სასიამოვნოა.

სოციალურ ქსელებში რამდენად აქტიური ხარ?

ალბათ, საშუალოდ. ჩემზე ბევრად აქტიური ადამიანებიც არიან. ვადევნებ თვალს სხვების აქტივობებს. მაქვს პერიოდები, როცა ნაკლებად ვიცლი ამისთვის. ზოგჯერ იმდენი საქმე მაქვს, ვეღარ ვიცლი სოციალური ქსელებისთვის, თუმცა ესეც ჩემი საქმიანობის ნაწილად იქცა. სხვათა შორის, საერთოდ არ არის იოლი სოციალური ქსელისთვის კარგი კონტენტის შექმნა. ერთნაირად ხარისხიანი და მუდამ ისეთი, როგორიც მე მინდა, რადგან მაქსიმალისტი ვარ, ალბათ, არ არის, მაგრამ ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, კარგად გავაკეთო – თუ ეს რაღაცის რეკლამას ეხება, მით უმეტეს, რადგან პასუხისმგებლობას ვიღებ. რთულია, მაგრამ მეც ნელ-ნელა ვიხვეწები. დღეს უფრო მომწონს ჩემი „ინსტაგრამი“, ვიდრე შარშან. „ინსტაგრამზე“ უფრო აქტიური ვარ იმის გამო, რომ აქ ნაკლები ნეგატივია, განტვირთვისთვის უფრო კარგი საშუალებაა, ვიდრე „ფეისბუქზე“ – აქ ვაწყდები ნეგატივს, კრიტიკას, ბულინგს. ზოგადად, სტატუსებით არ გამოვირჩევი, არ მიყვარს არაფრის გამოქვეყნება, მით უმეტეს, სადავო თემებზე. „ინსტაგრამს“ კი, დღის ბოლოს რომ ჩაჰყვები, თითქოს ყველა შენი მეგობარი ნახე, იცი, როგორ ცხოვრობენ. უცხოელებიდან ვარჩევ ისეთ ადამიანებს, ვისი ცხოვრების სტილიც ჩემთვის მისაბაძია…

შენთვის განტვირთვის საუკეთესო ხერხები რომელია?

გულწრფელად ვამბობ – ამ ბოლო დროს ტვინი იმდენ რაღაცაზე ფიქრობს, პანდემია, ომი, ამდენი სტრესი, პლუს ორჯერ გადატანილი კოვიდი, რომელმაც ნამდვილად იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე… რთულად ვახერხებ დასვენებას. თითქოს მინდა დასვენება, მარტო ვარ, წიგნი მინდა წავიკითხო ან ფილმს ვუყურო, მაგრამ ვერ ვახერხებ ბოლომდე რელაქსაციას და რჩევა მჭირდება, ამას როგორ ახერხებს ხალხი. თუ ამ ყველაფერს მოვაშორებთ და დღევანდელ რეალობაზე არ ვისაუბრებთ, მთავარი მოტივაცია და ძალა ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობაა, ახლობლებთან თუ უცხოებთან. ამას პლუს მუსიკის მოსმენა, სიმღერა, როცა თავადაც ვმღერი, აზრების გაცვლა და სხვისი მოსმენა, შენი აზრის გაზიარება – ყველაზე მეტად ეს მიყვარს. ძალიან მომწონს ხალხმრავლობა და უცხო ადამიანების გაცნობა. აღარ ვსაუბრობ მოგზაურობაზე, რადგან პანდემიაში არსად ვყოფილვარ.

ოჯახის წევრები ახსენე და მინდა, შენს შვილზე გკითხო, როგორია თქვენი ურთიერთობის დრო? რამეს სწავლობ მისგან? 

ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. მე და გიო ერთად ვიზრდებით. მიუხედავად იმისა, რომ როცა შვილი შემეძინა, პატარა ვიყავი, სრულიად სხვა თაობაა, უფრო განვითარებული, უფრო მეტი ინფორმაციით სავსე, ზოგჯერ ისეთ შეკითხვას მისვამს, რომ არ ვარ მზად და ზოგჯერ თემაც გადამიტანია, მერე ვისაუბროთ-მეთქი, რომ უფრო მომზადებულს მეპასუხა. გიო 10 წლის ხდება და ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს, რომლებზეც მე არც მიფიქრია. ურთიერთობის დრო საკმარისად გვაქვს და ამ მხრივ დანაკლისი არ გვაქვს. შეუძლებელი არაფერია, თუ სურვილი გაქვს. მის თამაშებს კი არ ვესწრები მხოლოდ, ვარჯიშებზეც დავყვები – ვიცი, რა დროს უნდა შევაქო, როგორ უნდა მივუდგე. ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ დედა ან მამა აკლია. ძალიან ვარ ჩართული მის ყოველდღიურობაში.

უნდა, რომ გაჰყვეს კალათბურთს? არ იქნება გასაკვირი ისე…

ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, მაგრამ მის არჩევანში არ ვერევით. ფეხბურთზე დადიოდა, რადგან თავად ასე უნდოდა, რამდენიმე თვეა, კალათბურთს დაუბრუნდა. მე, უბრალოდ, მინდა, რომ ჩემი შვილის ცხოვრებაში სპორტი იყოს, რადგან ეს ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება. ნებისმიერი სპორტის სახეობას მივესალმები, მთავარია, რამით იყოს დაკავებული. 10 წლის ასაკში რთულია პროგნოზის გაკეთება, რამდენად დააინტერესებს პროფესიონალურად, ამიტომაც სპორტის პარალელურად, გადართულები ვართ სწავლაზეც. უმთავრესი მაინც სწავლაა ჩემთვის.

შენი ქორწინება კალათბურთელ ბექა წივწივაძესთან რამდენ წელს ითვლის? რა არის შენი ოჯახური წარმატების საიდუმლო?

მეცამეტე წელია, დაქორწინებულები ვართ. ჩვენი ოჯახი დგას პირველ რიგში, გრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. მთავარი პრობლემების მომგვარებელი წყვილს შორის არის კომუნიკაცია. პრობლემა ყველა ოჯახშია. არ მჯერა წყვილების, რომლებიც ამბობენ, რომ არ უკამათიათ, მაშინ ზღაპარში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, თანაცხოვრებას საინტერესოსაც ხდის ჩავარდნები, ერთად რაღაცების გადალახვა, პრობლემების ერთად მოგვარება. ამისი საწყისი ბერკეტი არის კომუნიკაცია, საკითხზე საუბარი და მის მოგვარებაზე. სირაქლემას პოზაში თუ დავდგები, პრობლემა უფრო გაღრმავდება. მე და ბექა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ბევრი ჩავარდნაც გვქონია, გავიარეთ აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, 13 წელია, ერთად ვართ და გაგვივლია ქარცეცხლში, მაგრამ ეს უფრო მყარ და სტაბილურ ურთიერთობას ქმნის.

პანდემიამ რაიმე შეცვალა?

ვერ ვიტყვი ან დადებითს, ან უარყოფითს. ძალიან არ უმოქმედია, ცუდი გავლენა არ მოუხდენია. ერთმანეთისთვის უფრო მეტი დრო გვქონდა და ბავშვისთვისაც, რაც ძალიან გვსიამოვნებდა. ონლაინგაკვეთილების სირთულეების მიუხედავად, ისე მივეჩვიეთ გიოს სახლში ყოფნას, სკოლაში რომ გავუშვით, ძალიან გვენატრებოდა. ოჯახის წევრებთან ერთად დიდი დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.

აღნიშნე, რომ რთული პერიოდები არის ადამიანების ცხოვრებაში. ტვინს ვერ ვასვენებო. ფსიქოლოგთან გიცდია გასაუბრება?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გადაცემაში იმდენი ფსიქოლოგი გვყოლია, ფაქტობრივად, მინისეანსები მქონია, მათთვის კითხვებიც დამისვამს, ცალკე ინდივიდუალურ თერაპიაზე არ ვყოფილვარ. დამყავდა გიო. ვფიქრობ, ბავშვს რომ ოდნავ მაინც უჭირს რაღაც, თუ არ წავუყრუებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიამ იმოქმედა გიოზე, ჩაკეტილობამ, მეგობრებთან ნაკლებმა კომუნიკაციამ. ჩავთვალე, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის საჭირო იყო და ძალიან სწორადაც მოვიქეცი.

კომპლიმენტებზე ვისაუბრეთ და მეუღლე თუ განებივრებს ხშირად სასიამოვნო ფრაზებით?

რა თქმა უნდა და ამით ვიკვებები, არ შემიძლია ამის გარეშე. ტრაფარეტული და ძალით ნათქვამი არ მომწონს. თუ ბუნებრივად მეუბნება ადამიანი, ძალიან მსიამოვნებს. პროფესიული კუთხით უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ვიზუალზე. რასაც ვაკეთებ, ის რომ მიფასდება, უფრო ძვირფასი მგონია, ვიდრე გარეგნობაზე აქცენტი, თორემ ბექა მაშინ მეუბნება ხოლმე კომპლიმენტებს, ყველაზე ცუდ ფორმაში რომ მგონია თავი, ამიტომ ეს მისგან არ მაკლია… თუკი მწვრთნელი მაქებს, რომ კარგად ვვარჯიშობ, ძალიან მომწონს. ასევე თუკი ვინმე აღნიშნავს, რომ კარგი მძღოლი ვარ.

კიდევ რას აკეთებ კარგად?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი კულინარი ვარ. გურმანი ვარ და ყვეალფერი გემრიელი გამომდის. ამას ბექას და ჩემი სამეგობროც აღნიშნავს, მათი გამასპინძლება ძალიან მიყვარს… ყველანაირ კერძს ვამზადებ. ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, რაღაცებს ჩემითაც ვიგონებ, გემო რომ გაქვს და გურმანი ხარ, იცი, რას რა შეიძლება მოუხდეს. ამას წინათ ისეთი გემრიელი პროტეინის „ბოლები“ გამომივიდა, გავაგიჟე ყველა. ასე რომ, მიყვარს სამზარეულოში ტრიალი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია
ავტორი

მსგავსი თემები