ფოტოგრაფმა მარიამ ნაკანმა ისაუბრა იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც რეგიონებშია ქალთა ძალადობის კუთხით.
მარი ნაკანი:
მე პირადად რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი გაეროს კეთილი ნების ელჩი. მაშინ მოვამზადე პროექტი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ვიცი სტატისტიკა საქართველოში, რა სავალალო მდგომარეობაა, განსაკუთრებით რეგიონებში. ქალები ხმას ვერ იღებენ, არიან ნაადრევად ქორწინებაში, ეშინიათ, რომ მეუღლე სცემთ ან მოკლავთ, არ აქვთ განათლება და ვერ მუშაობენ, ვერ უზრუნველჰყოფენ თავიანთ თავსა და შვილებს, ამიტომაც არიან ჩუმად და განაგრძობენ მოთმენას შიშის ქვეშ. როდესაც ეს ხდება ნორმა, იმავეს აგრძელებენ მათი შვილებიც.
მინდა ვუთხრა ბავშვებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ შეგეშინდეთ, ამოიღეთ ხმა, დაიცავით თქვენი უფლებები, გაქვთ უფლება, რომ არავინ არ გაგათხოვოთ ძალით, მშობელიც რომ იყოს, არ აქვს უფლება, გიყვიროთ და გცემოთ. ეკლესია იქნება ეს, სკოლა თუ პოლიცია, მიდით და ამოიღეთ ხმა.
16-19 წლის გოგონებს მინდა ვუთხრა, არ გეგონოთ, რომ გათხოვებაში გამოსავალია, შეიძლება, უარესად წავიდეს ცხოვრება. დედობა ეს არის ძალიან რთული პროფესია, რასაც სჭირდება ცოდნა, გამოცდილება, გამძლეობა და გარკვეული ასაკი…“