„ყველაფერი, რაც უპირველეს ყოვლისა ეთნიკურობასა და კულტურასთან იყო დაკავშირებული, კულინარიის შესახებ წიგნებიც კი აკრძალეს. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო ერთი და იმავე ეროვნების ბორშის გაზიარება“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა და დასძინა, რომ რუსების შევიწროება „კულინარიულ წიგნებამდეც“ მიდის.
ზახაროვამ ამას „ქსენოფობიის“ და „ნაციზმის“ გამოვლინება უწოდა.
„ყველა ქალაქსა და რეგიონში, ყველა დიასახლისს შეუძლია მისი მომზადება თავისებურად? არა. მათ არ სურთ კომპრომისზე წასვლა. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ: ქსენოფობიაზე, ნაციზმზე, ექსტრემიზმზე ყველა ფორმით“, – განაცხადა ზახაროვამ.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინამ არაერთხელ წამოჭრა ბორშის „ეროვნების“ საკითხი საერთაშორისო დონეზე, რადგან რუსები გამუდმებით ცდილობდნენ ტრადიციული უკრაინული კერძი რუსული კულტურის ნაწილად აქციონ.
2019 წელს რუსეთის მთავრობამ Twitter-ზე ბორშს „ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი რუსული კერძი, ეროვნული სამზარეულოს სიმბოლო უწოდა.
უკრაინის კულტურის სამინისტრომ საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება კერძის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარების შესახებ.
ამის შემდეგ მოსკოვმა ცხადყო, რომ კიევის ეს კულინარიული ინიციატივები მას არ შეეფერებოდა.
რუსეთის სამთავრობო გამოცემა „რასისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის ნაბიჯს „საერთაშორისო სკანდალის ახალი საფუძველი“ უწოდეს.