მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მორიგი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.
როგორც ანდრიუშენკომ აღნიშნა, მათი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან უკვე გაემგზავრნენ.
“წინასწარი შეთანხმებით, ავტობუსები მოსახლეობას სოფლებში – მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ. ასევე დასაშვებია მოქალაქეები კოლონას საკუთარი ავტომობილებით შეუერთდნენ.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარიუპოლის ათასობით მკვიდრი, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზე შეფერხდა (რადგან ოკუპანტებმა არ გაუშვეს) დღეს საღამოს ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში ჩავლენ”, – აღნიშნა მან.
მარიუპოლის მერის მოადგილე ასევე ადასტურებს, რომ რუსმა სამხედროებმა ღამით კვლავ გახსნეს ცეცხლი “აზოვსტალის” ქარხნის მიმართულებით.
რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას მარიუპოლში:
მე-12 მებრძოლი ბრიგადის მეთაურის, დენის შლეგის განცხადებით, “აზოვსტალის” ქარხანაში რჩება 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 20 ბავშვია.
მებრძოლის თქმით, მას შემდეგ, რაც გუშინ ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ოკუპანტებმა ქარხანაზე იერიშები კვლავ განაახლეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში