გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ marneulifm.ge ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ცოტა ხნის წინ, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ – უწყებამ მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი.
დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პირი.
“მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი – 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის – 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის – 1996 წელს დაბადებული ა.პ. – ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.” – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.