2020 წელი მსოფლიო კინოში არც ისე ბევრი ფილმით დარჩება, რისი მიზეზიც ყველასთვის კარგად ცნობილია. თუმცა წლის გამორჩეულ კინოსურათებს შორის აუცილებლად იქნება პედრო ალმოდოვარის ,,ადამიანის ხმა”, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს. ექსპერტების უმეტესობა ფილმს ერთნაირად აფასებს – “მორიგი ფილმი ალმოდოვარისაგან, რომელმაც დაამტკიცა, რომ პედროს უკეთ ესმის ქალების, ვიდრე ქალებს ესმით საკუთარი თავის”…  ფილმის პრემიერის შემდეგ ალმოდოვარს ცნობილი ჟურნალის, Elle-ის რეპორტიორი ესაუბრა…

– პედრო, დიდი მადლობა ამ ზარისათვის. თქვენი ფილმი ნამდვილად შესანიშნავია! თუმცა მაინც მინდა გკითხოთ სათაურის შესახებ. ჟანა კოკტოს ნაწარმოებს, რომელიც ფილმს საფუძვლად დაედო, ,,ადამიანის ხმა” ჰქვია, მაგრამ ფილმი ქალის შესახებ არის. რატომ გადაწყვიტეთ ორიგინალი სათაურის დატოვება და არ შეცვალეთ ის მაგალითად “ქალის ხმით”? სათაურის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?

პედრო ალმოდოვარი: რა საინტერესო შენიშვნაა, სიმართლე გითხრათ, ეს იდეა არ მომსვლია (იცინის). მართლაც, ერთადერთი ხმა, რომელიც ფილმში ისმის, ქალს ეკუთვნის და ასე იყო ტექსტშიც. თუმცა თავად კოკტომაც გადაწყვიტა, რომ ადამიანის ხმა – ეს ქალის ხმაა. ფილმში ისედაც ბევრი რამ გადავაკეთე და სათაური მაინც ხომ უნდა შენარჩუნებულიყო…

– ,,ადამიანის ხმა” თქვენი პირველი ინგლისურენოვანი ფილმია.  პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ენაზე ამეტყველება ადამიანს თითქოს ცვლის. შეიძლებოდა თუ არა ეს თქვენს ფილმზეც ასახულიყო? გამოვიდოდა თუ არა ფილმი სხვანაირი, ესპანურ ენაზე რომ გადაგეღოთ და როგორია “ინგლისური ალმოდოვარი”?

პედრო ალმოდოვარი: ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ესპანური ენა ძალიან ცხელი და ცხარეა, ინგლისური კი შედარებით ცივი. ინგლისურად საუბრისას თითქოს გარკვეული დისტანცია იგრძნობა სხვებთან. ჩავთვალე, რომ ამ ფილმისათვის ინგლისური ენა ჯობდა, რათა ფილმი ისეთი გამოსულიყო, როგორიც არის. ესპანურად რომ გადამეღო, სულ სხვა ფილმი გამოვიდოდა. ინგლისური ალმოდოვარიც ზუსტად ისეთია, როგორიც ფილმი არის.

– რამდენი დრო დასჭირდა გადაღებებს? საინტერესოა, მოკლდება თუ არა გადაღებებისათვის განკუთვნილი დრო მაშინ, როდესაც რეჟისორი მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს?

პედრო ალმოდოვარი: “ადამიანის ხმა” 30 წუთი გრძელდება. ფილმს მხოლოდ ათი დღე  ვიღებდით. რასაკვირველია, ჩვეულებრივი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას უფრო დიდი დრო უნდა, მაგრამ ჩემს ფილმში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს, თანაც დეკორაციაც უცვლელი რჩება. გადასაღები მოედნის მზადებას 1,5 თვე დასჭირდა. დეკორაცია პავილიონში აეწყო, შემდეგ კი გარკვეული დეტალები დაემატა. სწორედ იმან, რომ ფილმს ერთ პავილიონში ვიღებდით და მასში მხოლოდ ტილდა თამაშობდა, მოგვცა საშუალება ფილმი 10 დღეში გადაგვეღო.

– ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რამ ფილმში ტილდას კოსტუმებია, რითიც თქვენი სხვა ფილმებიც გამოირჩევა. რას გვეტყვით ,,ადამიანის ხმაში” გამოყენებულ კოსტუმებზე, როგორ შეარჩიეთ ისინი?

პედრო ალმოდოვარი: ფილმში კოსტუმებს რამდენიმე ფუნქცია აქვს – გადმოსცეს ნარატივი, გვიჩვენოს რეჟისორის ხედვა ან შექმნას გარკვეული სურათი. “ადამიანის ხმა”, ეს არის ფილმი, რომელზე მუშაობისასაც ჩემი მთავარი იდეა აბსოლუტური თავისუფლება იყო. ამ ფილმზე მუშაობისას ჩემს თავს ისეთი რაღაცეების გაკეთების უფლება მივეცი, რაზეც ალბათ სრულმეტრაჟინაი ფილმის შემთხვევაში უარს ვიტყოდი. თვითონ ტილდას ძალიან სახასიათო გარეგნობა აქვს, იგი ახერხებს განსაკუთრებულად წარმოაჩინოს ნებისმიერი კოსტიუმი და იდეა გადმოსცეს. ყველა კოსტუმს აქვს რაღაც სათქმელი.

მაგალითად, პირველივე კადრებში ტილდა გამოწყობილია ,,ბალენსიაგას” უზარმაზარწითელ კაბაში, რომელიც სულაც არ არის პრაქტიკული სამოსი. მასში გადაადგილება რთულია. თუმცა ფილმის დასაწყისი აბსტრაქტულია და გარკვეული მოლოდინების შექმნისაკენ არის მიმართული. ეს კაბა გამოხატავს ქალს, რომელსაც ხშირად უწევს ტანსაცმლის გამოცვლა, რადგან მოდელად მუშაობს. ის მიდის იქ, სადაც არ იცის რა ელოდება. რაც შეეხება ფერებს, ჩემი აზრით წითელს და შავს ყველაზე უკეთ შეუძლია ამა თუ იმ ემოციის გამოხატვა.

სხვა კოსტუმები ესთეტიური ღირებულებებიდან გამომდინარე შევარჩიე. თითქმის ყველა მათგანი  ,,ბალენსიაგას” ბოლო კოლექციიდანაა. ჩემი იდეა აბსოლუტური თავისუფლება იყო და ეს კოსტუმებსაც შეეხბო. მომწონს კაბა? ამას ტილდა ჩაიცვამს. “ადამიანის ხმა” არ არის აბსოლუტური რეალიზმის ან ნატურალიზმის ჟანრის ნაწარმოები. მთავარი გმირი ხომ ქალია, რომელიც ხშირად გადის საკუთარი რეალობის საზღვრებს მიღმა.

ფილმის სცენები სიმბოლურია, ისინი ხაზს უსვამენ ქალის მარტოობას, მარტოობა კლაუსტროფობიას ჰგავს. მთავარი გმირი მარტოსული, მიტოვებული ადამიანია. მას პერსპექტივა აღარ აქვს. ის ზღვარზეა. ეს ჩემთვის ექსპერიმენტი იყო, ექსპრესიული, დრამატული გადაწყვეტილება და ძალიან მინდოდა მენახა, გაამართლებდა თუ არა. გაიხსენეთ თუნდაც ის სცენა, სადაც ქალი აივანზე გადის  და ერთადერთი, რასაც ხედავს არის კედელი. ეს არის ძალიან მისტიკური და ემოციური სცენაა…

-ვისაუბროთ მარტოობაზე. რა იყო ყველაზე რთული და მხიარული რამ კარანტინის პერიოდში?

პედრო ალმოდოვარი:  ზოგადად ჩემთვის რთულია კინოში სიარული და სხვა სოციალური აქტივობები. მე მრავალი წელია მარტო ვცხოვრობ და შესაბამისად, კარანტინის დროს მარტოობას არ შევუწუხებივარ. რასაკვრიველია მესმის იმ ადამიანების, ვინც ოჯახის 5 წევრთან ერთად 50 კვადრატულ მეტრზე ცხოვრობს. მათთვის ეს პერიოდი ნამდვილად ურთულესი იყო.

თუმცა ჩემთვის პოზიტიური უფრო მეტი მოხდა, ვიდრე ნეგატიური. ცოტა დავისვენე მუდმივი ყურადღების და სტრესისგან. იმისგან, რომ მუდმივად ვჩქარობდი. მეტი დრო გამომიჩნდა კითხვისა და სცენარებზე მუშაობისათვის.

პირადად თქვენ, პედრო ალმოდოვარს, ვირუსის გეშინიათ?

პედრო ალმოდოვარი: მინდა გითხრათ, რომ მე კორონავირუსი დავამარცხე, თუმცა არანაირი სერიოზული გართულება არ მქონია. ასე რომ, საერთო ჯამში ჩემს ცხოვრებაზე მას დიდი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა საერთო ჯამში ეს ვირუსი კატასტროფაა. ესპანეთში მისი წყალობით ელვის სისწრაფით გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე. შეხედეთ კვების ბანკებთან რა ხდება, მათ უამრავი ადამიანი აკითხავს. ეს საშინელებაა…

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები