61 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მიშა გომიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.
მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.
„გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი“, – წერს მარჯანიშვილის თეატრი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო.
მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
“ქართულ თეატრსა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი გამოაკლდა. ქართულ კულტურას დააკლდა მისი ნიჭი და ტალანტი.
მიშა გომიაშვილი იყო „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.
გომიაშვილის სასცენო და კინო როლები სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.
ვიზიარებ მიშა გომიაშვილის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების დიდ გულისტკივილს!”, – წერს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.
„მშვიდობით ჩემო მიშა? უმაგრესო არტისტო და პარტნიორო.. მადლობა ყოველთვის გვერდით დგომისთვის..??“, – წერს გია როინიშვილი.
„ჩვენი მიშა აღარ გვყავს!!!“, – წერს მარინა სალუქვაძე.
კარგი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან!, – წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.
მიშა გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა “მეტეხის თეატრში”.
გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი “საწვავი”, რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე “მდგმურები”, რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი “ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია”, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე “განდეგილი” , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი “მარატ-სად”-ის მიხედვით “დირექტორი აბაზანაში”, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი “უბედურება” რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი “თოვლივით თეთრი თოვლი” რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი “მამა”, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.
მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.