LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ოპონენტები ქარის წისქვილებს ებრძვიან, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, დეოლიგარქიზაციის კანონი პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეეხოს

40
მამუკა მდინარაძე

„პრაქტიკულად წარმოუდგენელია, დეოლიგარქიზაციის კანონი პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეეხოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკიდან გასულია და პოლიტიკაში არ ერევა, მდინარაძის თქმითვე, ოპოზიციის წარმომადგენლები „ქარის წისქვილებს“ ებრძვიან:

„უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ოთხი კომპონენტიდან ადამიანი სამს თუ აკმაყოფილებს, ის ოლიგარქად მიიჩნევა და შესაბამისი რეესტრი გაკეთდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ეს პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეეხოს. პოლიტიკაში ვინც არის, შეიძლება, მას შეეხოს, მაგრამ პოლიტიკიდან გასულ ადამიანს პოლიტიკაში ვინმეზე ზეგავლენა ვერ დაბრალდება.

ჩვენი ოპონენტები წარმატებას ვერ აღწევენ, რადგან არარსებულ პრობლემას ებრძვიან. პრობლემა ხომ არ არსებობს, ადამიანი პოლიტიკიდან დისტანცირებულია. მათი გადასახედიდან პრობლემა თავად ბიძინა ივანიშვილი და რაღაცაში მისი მონაწილეობაა. ასე იგონებენ და ასე აბრალებენ მასაც, ქართულ სახელმწიფოსაც და ხელისუფლებასაც. რეალურად, ანუ მოგონილ ამბავს, ქარის წისქვილებს ებრძვიან. არ არსებობს ასეთი არც პრობლემა და არც საკითხი. ასეთი თემა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკიდან გასულია, პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ მათ ძალიან აშფოთებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.

არ უნდათ, ეს ადამიანი ქვეყანაში იყოს, რადგან ის არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სტაბილურობა იყოს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიმართ შიში აიძულებთ, ებრძოლონ საკითხს, მათი გადასახედიდან პრობლემას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით: მოხდება ოლიგარქის ცნების განმარტება; ასევე განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვის და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები;

განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები, ასევე გარკვეული პირების მიერ ოლიგარქისა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები