LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე აფხაზეთიდან ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ჩემს სახლამდე გზა სწორედ ამ ომით მიდის.. ჩემთვის უკრაინაში ბრძოლა თავისუფლებისკენ პირდაპირი გზაა“ – უკრაინაში მებრძოლი ქართველის ემოციური ინტერვიუ „ფორტუნასთან“

752
ლადო გამსახურდია

მალე 1 წელი მიიწურება მას შემდეგ, რაც აგრესორმა რუსეთმა და მისმა ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი წამოიწყო. ამ დაუნდობელ აგრესიას ათასობით უკრაინელისა და მათ შორის, ჩვენი გმირი, ქართველი მებრძოლების სიცოცხლე შეეწირა და ალბათ, უკვე იმაზეც აღარავინ დავობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, უკრაინამ კი ამ ომში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

არც ის იქნება ახალი თუ ვიტყვით, რომ დღეს უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული ცივილიზებული სამყაროს თავისუფალი მომავალი და მათ შორისაა საქართველო. ისიც სულ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, მცოცავ ოკუპაციას: მავთულხლართების გავლებასა და ჩვენი მიწა-წყლის მიტაცებას კი დღემდე განაგრძობს.

რუსული ომის სისასტიკეს ყველაზე უკეთ, თავად ომში ჩართული მებრძოლები რომ გრძნობენ, არც ესაა ვინმესთვის უცხო, თუმცა, ამჯერად ჩვენი რესპონდენტი თავად მოგვიყვება, რა ხდება ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში და რა სულისკვეთებით იბრძვიან რუსული იმპერიის წინააღმდეგ ქართველი მოხალისე მებრძოლები.

ლადო გამსახურდია აფხაზეთიდანაა, ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში წავიდა. „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური 8 თვეზე მეტია მტრის წინააღმდეგ იბრძვის და როგორც თავად ამბობს, ზუსტად ამ ომში გამარჯვებით ხედავს, აფხაზეთში, მისი სახლისკენ მიმავალ გზას.

– ლადო, მოგვიყევით, რა ხდება იმ მდებარეობაზე, [რაიონის დასახელებას შეგნებულად არ გთხოვთ] სადაც ახლა იმყოფებით და რა ტიპის ბრძოლებში ხართ ჩართულნი ქართველები?

ლადო გამსახურდია: იქ, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, „კავკასიის ლეგიონის“ სპეციალური დანაყოფი იბრძვის, მიმდინარეობს საარტილერიო და სნაიპერული ბრძოლები. ასე ვთქვათ, პატარ-პატარა დივერსიული ჯგუფების მოქმედებებია, მუშაობს დაზვერვა და როგორც ასეთი, ფართომასშტაბიანი შეტაკება, ბრძოლები არ მიდის, თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მუშაობს არტილერია.

– როგორც აღნიშნეთ, ქართველი მებრძოლები სხვადასხვა ფუნქციის საბრძოლო მოქმედებებში არიან ჩართულნი, რამდენად მასშტაბურია ჩვენი მებრძოლების რაოდენობა ამ დროისთვის და თუ არის ამჟამად ისეთი ცხელი წერტილები, სადაც ქართული დანაყოფი დგას?

– ზუსტ რიცხვებს მე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა, როგორც უკრაინული ოფიციალური მხარე ამბობს, ამ დროისთვის, უკრაინაში 1500-მდე ქართველი იბრძვის.

რაც შეეხება ცხელ წერტილებში ბრძოლას, რა თქმა უნდა, არის ასეთი ბრძოლის ხაზიც. ქართველები ყველგან იბრძვიან, შეიძლება დროგამოშვებით გარკვეული დასვენების დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ქართული დანაყოფები ყველა იბრძვის, იბრძოლებს და ალბათ, მომავალშიც ბრძოლაში შევლენ.

ქართველები იბრძვიან საარტილერიო მოქმედებაშიც, სნაიპერულ ბრძოლაშიც, ასევე, არიან სადაზვერვო ჯგუფებში და როგორც თქვენც თქვით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ნულოვან წერტილებში პოზიციებზეც დგანან.

იმის თქმა მინდა, რომ ყველას, ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია, სხვადასხვა ფუნქცია აქვს და მათ შორის არიან ქართველებიც.

სოციალურ ქსელებში წავიკითხე და მინდა გამოვეხმაურო – ძალიან არ მომწონს, როცა საქართველოში ბრძოლას აღიქვამენ ისე, თითქოს, 24 საათი ტყვიას უნდა ისროდე, ეს ასე არ არის.

შესაძლოა მებრძოლი წინა ხაზზე, ნულოვან, ძალიან სახიფათო ზონაში იდგეს და დღეობით, კვირებით არ მოუწიოს 1 ტყვიის სროლა – ანუ, ისე მოუწიოს იქ დგომა, თვალთვალი და პოზიციის გამაგრება.

ასე რომ, მცდარი შეხედულებაა, თითქოს, მებრძოლი 24 საათი უნდა იდგეს და ავტომატს ისროდეს. პრინციპში, ასეთ შეფასებას ისინი აკეთებენ, ვინც ომის მსვლელობა არ იცის.

როგორც გითხარით, ჩვენი გმირები არტილერიაშიც არიან. აი, მაგალითად, მიშა კაპლანი საარტილერიო ჯგუფში იყო, რომელიც უკრაინას საარტილერიო ბრძოლებში ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი გმირი მებრძოლი დაგვეღუპა. ასე რომ აქ ყველგან საშიშია, არტილერია იქნება, სადაზვერვო თუ შეტევითი ჯგუფები.

– ომის მსვლელობა ახსენეთ და მინდა გკითხოთ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებაზე, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და რომ ეს, კანონით არის განსაზღვრული.

რამდენად მოქმედებს ასეთი ტიპის გზავნილები ქართველების საბრძოლო სულისკვეთებაზე და ზოგადად, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ თემაზე, როგორც მებრძოლმა?

– ცხადია, რომ ასეთი ტიპის განცხადებებით ისინი უფრო და უფრო მეტ ხალხს და პატრიოტებს იმტერებენ. ისედაც სხვადასხვა ნაპირებზე ვიდექით, ასეთი საუბრით კი უფრო და უფრო ვშორდებით, მეტი განხეთქილება და დაპირისპირება ჩნდება.

რაც შეეხება უშუალოდ კანონს, არ ვიცი, რაზე საუბრობენ, მაგრამ ალბათ, ამ კანონსაც როგორც უნდა ისე იყენებენ. თუმცა, რამდენადაც ვიცი, მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ მოქალაქეობა ჩამოგვართვან, რადგან უკრაინაში საომრად მოხალისეებად ვართ ჩამოსულები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, თავად უკრაინა გვთხოვს დავტოვოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და მივიღოთ უკრაინის, ოღონდ, აქ ყველაფერი ნებაყოფლობითია.

შეგვიძლია გარკვეული დროის შემდეგ და ისიც სურვილი თუ არსებობს, უკრაინის მოქალაქეობა მივიღოთ, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია სამხედრო შეთანხმება დაარღვიოს ან მხარეთა შეთანხმებით გააუქმოს, შემდეგ კი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს.

ამის პრობლემა არ არსებობს და აღნიშნულზე ბრძანება თავად ბატონმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. თუ საქართველო პრობლემებს შეგვიქმნის, ეს უკვე სხვა ამბავია.

ისინი ამით საკუთარ ხალხს, მათ მხარდაჭერას კიდევ უფრო დაკარგავენ, თუმცა კი, ისედაც დაკარგული აქვთ. ჩვენსა და მთავრობას შორის კი დაპირისპირების მოედანი შეიქმნება, რომელიც უფრო ძლიერ ფაზაში გადავა.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, 8 თვიანი ომის შემდეგ, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს დღეს უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა?

– ეს ომი ჩემთვის პირველია, თუმცა, სადაც არ უნდა მოვხვდე, ვფიქრობ, სწორი შეფასების უნარი მაქვს. ჩემი აზრით, ყველა ომს თავისი ეტაპები აქვს და არის ისეთი ეტაპიც, სადაც საქმე უკვე დაღლაზე და ძალების გამოცლაზე მიდგება. ძალები მოსაკრებია და ჩემი აზრით, ბრძოლები არ უნდა შენელდეს.

უკრაინულმა მხარემ კონტრშეტევები არ უნდა შეწყვიტოს, თავისი ტერიტორიები ბოლომდე გაწმინდოს და პრინციპში, ახლა იმას ვამბობ, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი და მთავარსარდალი ზალუჟნი. არ უნდა მოვდუნდეთ, უკან დახევა, დათმობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ასევე, არ უნდა მოდუნდეს მთელი მსოფლიო: თუ ამ ომში ბოროტებამ გაიმარჯვა, ე.ი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულობაზე, NATO-ს ფუნქციასა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებზე საუბარი, მთელ სამყაროში აზრს კარგავს. ასეთ შემთხვევაში, დავრჩებით ბოროტებასთან და დედამიწაზე იმეფებს სიძულვილი, ძალადობა.

თუ ეს მსოფლიოს არ სურს, მაშინ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ და ერთად დავამარცხოთ რუსული ბოროტების იმპერია. ჩემთვის უკრაინაში ბრძოლა თავისუფლებისკენ პირდაპირი გზაა, ვხედავ გვირაბის ბოლოში სინათლეს.

შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიტყვი: უკრაინელები ამარცხებენ ჩვენს საერთო მტერს, ისინი რაოდენობრივად ბევრნი არიან და წინაც მიიწევენ, ჩვენ კი მტრისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა შეიძლება ვერ გვქონდა, თუმცა ახლა არის იმის საშუალება მტერს უკან დავახევინოთ.

ჩვენ ამას როგორც შეგვიძლია მხარი უნდა დავუჭიროთ და როგორღაც ერთობლივი ძალებით ამ ომში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მე აფხაზეთიდან ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ჩემს სახლამდე გზა სწორედ ამ ომით მიდის. ეს ომი გაათავისუფლებს ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.