საზღვრები თანდათან იხსნება. საქართველოს ხელისუფლებამ ხუთ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ჩვენთან უპირობოდ შემოვიდნენ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს ეს ცვლილება არ ეხებათ.
თუ თქვენ არსებული ეპიდისტუაციის მიუხედავად, მოგზაურობა მაინც გსურთ, სადაც არ უნდა გაფრინდეთ ორკვირიან კარანტინს ვერ გადაურჩებით. თუმცა უცნობია, რატომ უწევთ ერთიდაიმავე ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვადასხვა პირობებში ყოფნა.
იძულებითი კარანტინი ქართველებისთვის კარგ შემთხვევაში, ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: ზრუნვა ქვეყნის მოქალაქეებზე და შიდა ტურიზმზე.
წელს ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტი საქართველოს შიგნით მოგზაურობაა. ყველა სფეროდან და ყველა საფეხურიდან მოქალაქეებს მოუწოდებენ ქვეყანაში არსებული ტურისტული პოტენციალი გამოიყენონ.
გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ერთკვირიანი მოგზაურობისთვის 14-დღიანი კარანტინში ყოფნა არ გაწყობდეთ, საზღვარგარეთ გაფრენას გადაგაფიქრებინებთ სპეციალისტების რეკომენდაციებითაც.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს, მოგზაურობისგან წელს თავი შეიკავონ.
იმის მიუხედავად, რომ საზღვრები გაიხსნა, გოგინავა ამბობს, რომ ამ რისკის გაწევა არ ღირს.
“მოგზაურობასთან დაკავშირებით, რისკები მაინც არსებობს. რა თქმა უნდა, მე პირადად, როგორც ექიმი, როგორც საქართველოს მოქალაქე გირჩევთ, რომ თუ აუცილებელი საქმე არ გაქვთ, არ გაემგზავროთ და წლევანდელი წელი დავუთმოთ ჩვენს ქვეყანას. თუ აუცილებლობაა, სადაც დაბალი რისკის მაჩვენებელია და საზღვრებიც გახსნილია, შესაძლოა რომ წავიდნენ. ტურისტულ მიზნებს რაც შეეხება, ჯობია შიდა ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი.
მგზავრობას დამატებით რა რისკები შეიძლება ჰქონდეს?
ეს დაავადება გადადის კონტაქტით და წვეთოვანი გზით. ამიტომ როცა ბევრ ადამიანთან გაქვთ შეხება და ეს შეხება გრძელდება 15 წუთზე მეტხანს, თეორიულად არსებობს შანსი, რომ თუ ეს ადამიანი ინფიცირებულია თქვენც შეიძლება გადაგედოთ, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში. ამიტომ დახურულ სივრცეში რეკომენდირებულია პირბადის გამოყენება და რეკომენდირებულია, როდესაც საერთო სივრცეში სხვადასხვა საგნებს ვეხებით, შემდეგ ხელების ხშირად დაბანა და სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავება,” – ამბობს გოგინავა “ფორტუნასთან”.
რეკომენდაციებს შორის არის სოციალური დისტანციის დაცვა, თუმცა აეროპორტსა და თვითმფრინავში ეს საკმაოდ რთულია.
"ჯობს წელს დანაზოგები საკუთარ ქვეყანაში დავხარჯოთ და ახალი სეზონისთვის ენერგიით აქვე ავივსოთ".
"მე როგორც ექიმი გირჩევთ, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ": ღირს თუ არა ღია ცით სარგებლობა?
კოვიდ 19-მა შეცვალა ჩვენს გარშემო ყველაფერი, განსაკუთრებით კი მგზავრობა. თვითმფრინავსა და აეროპორტში ყოფნა ერთ-ერთია იმ აკრძალვებს შორის, რომელიც ვაქცინის შექმნამდე გვექნება, რადგან აეროპორტში ჩვენ გვიწევს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ უამრავ ადამიანთან ახლო კავშირი.
სპეციალისტის თქმით, თვითმფრინავი არ არის მაღალი რისკის ზონა და ამას კვლევებიც ადასტურებს, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ ბორტზე მყოფებს ინფიცირებულისგან კორონა გადაგვედოს.
“თვითმფრინავი, როგორც კვლევებმა აჩვენა, მაღალი რისკის ადგილი არ არის, თუმცა ესეც დახურული სივრცეა და შესაძლებელია, რომ თუ ახლოსაა ჩვენთან ინფიცირებული და არ ვართ შესაბამისად აღჭურვილი გადაგვედოს ინფექცია”, – განმარტავს ინფექციონისტი.
2020 ტურიზმისთვის ყველაზე დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მსოფლიო ტურიზმმა წელს სავარაუდოდ 3.3 ტრილიონი ევრო დაკარგა. ნელ-ნელა სხვადასხვა მიმართულებები იხსნება, თუმცა ხალხს მაინც ეშინია მოგზაურობის, ვისაც არ ეშინია, მას ეკონომიკური კრიზისი შეეხო და დასვენებისთვის “არ სცალია”.
ამ დრომდე, მსოფლიოში ყველა ავიაკომპანია შეცვლილი განრიგით დაფრინავს. მათი უმეტესობა ამ დრომდე ფრენების მხოლოდ 50%-ს ასრულებს.
რა ხდება იმ ხუთ ქვეყანაში, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა
ქართველებისთვის ახალი და უკვე ათვისებული ხილია ღია საზღვრები და უცხო ქვეყნებში არდადეგების გატარება, თუმცა ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ჯობს წელს დანაზოგები საკუთარ ქვეყანაში დავხარჯოთ და ახალი სეზონისთვისაც ენერგიით აქვე ავივსოთ. ვიმედოვნოთ, რომ ქართული ტურიზმის ინდუსტრია ამის საშუალებას მოგვცემს.
ეს ადგილები შესაძლოა იუნესკოს ძეგლები გახდეს: რა ვნახოთ წელს საქართველოში?
ტურისტული დარგის ჩავარდნა, მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ წელს ხალხს მოგზაურობა დააკლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს გარშემო 120 მილიონი ტურისტული სამუშაო ადგილი გაუქმდა და შესაბამისად, ამდენივე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
ამ სამუშაო ადგილების და ზოგადად მსოფლიო ტურიზმის ბედი კვლავ გაურკვეველია.
შიშის ფონზე შეზღუდვების მოხსნა, სწორედ იმის გამო ხდება, რომ სიტუაცია ოდნავ მაინც შეიცვალოს და მსოფლიო ტურიზმის დარესტარდება დაიწყოს. თუ თქვენ ამაში მონაწილეობა გსურთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ, თუმცა რისკების შესახებ აუცილებლად კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული, არათუ თვითმფრინავში, არამედ ყოველდღიურად, ტრანსპორტში ჩასხდომის დროსაც კი.