LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ოკუპანტებმა ევაკუირებული უკრაინელები რუსეთის შორეულ ადგილებში იძულებით გადაასახლეს – შექმნილია 66 ბანაკი

123
უკრაინელი ბებო

რუსეთის შორეულ ადგილებში შექმნილია 66 ბანაკი, სადაც რუსებმა უკრაინიდან ევაკუირებული უკრაინელები იძულებით გადაასახლეს. ამის შესახებ გამოცემა – i ჟურნალისტური გამოძიებისა და ადგილობრივი მედიის ანალიზის მიხედვით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბანაკები განთავსებულია ყოფილი საბჭოთა სანატორიუმების და სხვა შენობებში, ციმბირის, კავკასიის, არქტიკული წრის და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით. გადასახლებულთა შორის არიან მარიუპოლიდან დევნილებიც.

გამოცემა i-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მოსკოვმა გასცა ბრძანება, რუსეთის შორეულ ნაწილში სოფლები და ქალაქები 100 ათასი „ლტოლვილის“ მისაღებად მოემზადებინათ. რუსეთი ირწმუნება, რომ მათ საომარი ზონებიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანის „ევაკუაცია“ მოახდინეს.

კრემლის დოკუმენტების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა თითქმის 100,000 უკრაინელი ლტოლვილი ციმბირსა და არქტიკულ წრეში გადაასახლა

„მოსკოვმა გასულ თვეში, მიიღო საგანგებო ბრძანება რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, დონეცკისა და ლუგანსკის 95,739 ადამიანის საომარი ზონებიდან გაყვანაზე, რათა განსახლებულიყვნენ თავიანთი სახლებიდან 5,500 მილის მოშორებით“, – ნათქვამია კრემლის განკარგულებაში.

აქტივისტი ტანია ლოშკინა, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აცხადებს, რომ არსებობს მარტივი მტკიცებულებები იმისა, რომ ათასობით უკრაინელი ქვეყნიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს.

„როცა ადამიანებს მხოლოდ 2 არჩევანი აქვთ – ან დარჩნენ იმ ადგილებში, რომლებიც მუდმივად იბომბება ან გადავიდნენ ოკუპანტის ტერიტორიაზე – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ეს იძულებით გადაცემაა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რომ ეს ხდება.

ადამიანები, რომლებსაც სურთ ევაკუირება უკრაინის უსაფრთხო ადგილებში, რუსეთში ხვდებიან – ზოგ შემთხვევაში უკრაინის თუ ევროპის საზღვრებიდან ძალიან შორს. ისინი არიან მოწყვლადები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.“ – განაცხადა ლოშკინამ.

როგორც გამოცემა იუწყება, i-მ შეამოწმა ასეთი განსახლების ადგილები – ბანაკები განთავსებულია ათასობით სანატორიუმსა და ყოფილი საბავშვო ბანაკების შენობებში, ასევე, განსახლების წერტილებს შორის მოხვდა ქიმიური იარაღის ყოფილი ნაგავსაყრელი.

ბანაკები მდებარეობს დროის 11 სხვადასხვა ზონაში, ბელგოროდიდან ურალის მთების მიღმა, კამჩატკის ნახევარკუნძულამდე და ვლადივოსტოკში, ტრანსციმბირული რკინიგზის ბოლოს.

i-იმ შეძლო 6 250 ადამიანის იდენტიფიცირება 385 ბანაკში. გადასახლებულთა შორის 621 ბავშვია. მთლიანობაში 66 ბანაკში იმყოფება 10 800 ადამიანი, მათგან 1000 – ბავშვი. ბანაკის ყოველი მესამე მცხოვრები მარიუპოლიდანაა.

თითოეულ ბანაკში საშუალოდ 162 ადამიანია. მათ არ აქვთ ფული, ტელეფონები და დოკუმენტაცია, შესაბამისად, ადგილის დატოვება მათთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელია.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად გამოცემა  i-მ მიაკვლია ადამიანის უფლებათა რუს აქტივისტებს, რომლებმაც იატაკქვეშა მოძრაობა შექმნეს და უკრაინელებს ამ ბანაკებიდან გაქცევაში ეხმარებიან.

ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას უთხრა, რომ „რუსეთი ამ ადამიანებს უყურებს, როგორც მშრომელ ძალას, როგორც რაღაც ობიექტებს და არ აინტერესებს მათი საჭიროებები. ისინი მოწყვლადები არიან და დახმარება სჭირდებათ.“

„არსებობს მოძრაობა –გროვდება ფული მატარებლის ბილეთებისთვის, ეხმარებიან ბავშვებისთვის ტანსაცმლითა და სათამაშოებით, აძლევენ ხალხს მათთან სახლებში რამდენიმე დღით დარჩენის საშუალებას. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას ამ ადამიანების შესახებ და ეხმარებიან მათ საზღვრამდე მისვლაში.“ – აღნიშნა აქტივისტმა გამოცემასთან.

ზოგიერთი უკრაინელი ასეთი ბანაკიდან უკვე გაიქცა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთსა და საქართველოში. არსებობს ცნობები, რომ ზოგმა მათგანმა შეძლო ყაზახეთშიც გადასვლაც.

ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინელებს იძულებით ასახლებს რუსეთის შორეულ ნაწილებში, რამდენჯერმე უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამაც გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები