სამეგრელო-ქვემო სვანეთის ტერიტორია საქართველოს ერთერთი ღირსშესანიშნაობებითა და სანახაობებით გამორჩეული ნაწილია. ჩანჩქერების, ხეობების, ისტორიული შენობებისა და მინერალური წყლების სიმრავლე, არა მარტო ტურისტების არამედ მეცნიერებისა და არქეოლოგების დიდ ინტერესს იწვევს. რუბრიკა “ბონ ვოიაჟი” აქ  მდებარე ულამაზესი ხეობის შესახებ მოგიყვებათ, რომელიც მხოლოდ სანახაობა როდია. მასში არსებულმა მინერალურმა სამკურნალო წყალმა ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა უნიკალური თვისებებით და მედიცინის დიდი ყურადღებაც მიიქცია.

სოფელ მუხურიდან 4 კილომეტრში ტყისა და კლდოვანი ხეობის გავლით ლუგელას ხეობაში მოხვდებით. სწორედ, აქ იქნა აღმოჩენილი უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყალი. მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს. გამჭვირვალე, უსუნო მინერალური წყალი, რომელშიც ქლორისა და კალციუმის შემადგენლობა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 99,5% -ს აღწევს. სამედიცინო კვლელებით დადასტურდა, რომ მის უნიკალურ თვისებებს საოცარი გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს მრავალი დაავადებების დროს, მათ შორის: სასუნთქი ორგანოებისა და ლიმფური უკმარისობის, ტუბერკულოზის, რაქიტის, ნეფრიტის, მოტეხილობების, ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური დაავადებებისა და რათქმაუნდა ორგანიზმში კალცის უკმარისობისას. ბუნებრივი გზით კალცის ასეთი მაღალი პროცენტულობით მიღების საშუალება ფაქტიურად შეუძლებელია.

მისი მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულების მიხედვით. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი უნიკალური შემადგენლობის წყალზე ადგილობრივები უამრავ ლეგენდას ჰყვებიან, თითქოს ლუგელას მკვდრის გაცოცხლება, ბეღურის არწივად გადაქცევა შეუძლია და ასე შემდეგ.

წყალს ახასიათებს ოდნავ მომწარო-მომჟაო გემო,  მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება და ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას.

ლუგელას ხეობა გარდა ამ სასწაულმოქმედი სამკურნალო წყლისა, სანახაობრივი ადგილებითაც გამოირჩევა. აქ იხილავთ რამოდენიმე ულამაზეს ჩანჩქერსა და მღვიმეს, მათ შორის 2,5 კმ სიგრძისა და 340 მ სიღრმის ფოთოლცვენის მღვიმე, ასევე ზესინახესა და მუხურის მღვიმეებს.

 

 

 

მარიდეა გელაშვილი
ავტორი