რაჭა – საქართველოს მარგალიტი! რეგიონი, რომელიც პირდაპირ სიყვარულთან ასოცირდება – ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგვწონებია ვინმე რაჭველი და თუ არა – მაშინ, ეს ის ზაფხულია, რომელიც შეგვიძლია ამ ემოციის „მისაღებად“ გამოვიყენოთ და აუცილებლად ვიმოგზაუროთ რაჭაში…

ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, იმ ფონზე, როცა მთელს მსოფლიოში პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და სამოგზაურო რეგულაციებიც საკმაოდ მკაცრია, ალბათ, მიმდინარე წლის ზაფხულის გატარება ყველაზე მშვიდად ჩვენივე ქვეყნის პატარა, ულამაზეს სოფლებში შეგვიძლია.

ამჯერად, თქვენს ყურადღებას რაჭის რამდენიმე გამორჩეულ სოფელზე გავამახვილებ, თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში, ყველა სოფელი ერთმანეთზე თვალწარმტაცია, ამიტომ, ნებისმიერ მათგანში ბუნების მთელ ჰარმოანიას სრულყოფილად შეიგრძნობთ.

მოგეხსენებათ, რაჭა დიდი ისტორიის მქონე მხარეა. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში დასტურდება. რეგიონში მრავლადაა სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები. აქ ნახავთ უხვი და დიდებული მორთულობებით შემკულ ტაძრებს, საინტერესო ფრესკებს, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშებს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან რაჭის ულამაზეს ბუნებას. სუფთა ჰაერი, სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები, კლდეებში კრისტალივით ჩაბნეული ალპური ტბები, მყინვარები და აყვავებული მდელოები კი ნამდვილ სამოთხეს ქმნის და ხეტიალის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

რაჭა მდიდარია ტბებით (უძირო ტბა, სასვანოს ტბები), ჩანჩქერებით (ზნაკვის ჩანჩქერი, ბარეულის ჩანჩქერი, აპანტის ჩანჩქერი), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით (ნიკორწმინდა, ხოტევის ეკლესია, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, მრავალძალი, ლეკნარის მონასტერი და სხვა), ასევე კურორტებით: შოვი, ხიდიკარი, უწერა.

რაც შეეხება „ფორტუნას“ მიერ შერჩეულ იმ რამდენიმე სოფელს, რომელთა ნახვასაც ამ ზაფხულ გირჩეთ, მათი სია ასეთია:

გონა 

ულამაზესი სოფელი, რომელიც პატარა შვეიცარიას შეიძლება შევადაროთ, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი გონა ღების ძირითადი ნაწილია. ის ღებზე მაღლაა და დათოვლილი მთებითაა შემოსაზღვრული. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით.

გონამდე ჯერ შობეთი უნდა გაიარო, შემდეგ: ველები, ჩვეშო, ლობჟანიძეების სალოცავი საჯვარია. კლიმატი თანდათან საგრძნობლად იცვლება. გონას მთელ სიგრძეზე მდინარე ჩვეშური გასდევს. სოფელი მის ცალ მხარესაა დასახლებული. ძველი ხის სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით დგას. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ქვით. გამოირჩევა თავისებური არქიტექტურით – შიგა სივრცე ერთიანად გადახურულია ცილინდრული კამარით, კონქი არ აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია.

მრავალძალი

მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1840 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

სოფელ მრავალძალთან უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ, 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა.

მრავალძალის ცნობილი ეკლესია შესანიშნავად ერწყმის გარემოს. ეკლესიის სამრეკლოდან მზიან ამინდში რაჭა-ლეჩხუმის მომხიბლავი ხედია; ჩრდილოეთით კავკასიონის შესანიშნავი პანორამა იშლება, დასავლეთით- მზის სხივებით წითლად შეფერილი რიონის ფართო ხეობა და ფერდობებზე შეფენილი სოფლები. სამხრეთით ჭოლევის კლდეები მოსჩანს. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს აქცენტი ტაძარზეა გადატანილი და ირგვლივ იმორჩილებს გარემოს. 1991 წლის მიწისძვრამ ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. 2009 წელს კი, მრავალწლიანი  აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ეკლესია  აღდგა.

შქმერი

მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ხიხათასა და  ფოცხვრევის მთებს შორის მოქცეულ ულამაზეს ტაფობზე. მდ. ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემო ნაწილში. ნიადაგის საფარი საშუალო, ხოლო მცენარეული საფარი სუბალპური ზონისაა. ხასიათდება ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ულამაზესია ძნელად მისადგომი ხეორის კანიონი (ხეორის ძველი კალაპოტი მის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში, 1 კმ სიგრძეზე მიედინება) შქმერში მდებარეობს რამდენიმე ტბა, მათ შორის: ულამაზესი უძირო ტბა .

შქმერი ისტორიულ წყაროებში იხსენიება XI საუკუნიდან,  კერძოდ 1071 წ.ნიკორწმინდის წინამძღვრის ჩანაწერებში. ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს:„ხეორის სათავის მცირეს ტბის ქუეით, ჩრდილოთკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორის წყლის შესართავს ქუეით არს შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მსგავსი სხუათა მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულის ფრიად.“

სოფელი მომხიბვლელია წელიწადის ნებისმიერ დროს. შქმერზე გადიოდა და გადის რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა, სადაც ზამთრობით ძალზე გართულებული იყო მგზავრობა. ამ დროს საქმეში ერთვებოდნენ შქმერელი ჩალვადრები, რომელთა მონდომებასა და საქმის ცოდნას უამრავი მგზავრი დაუხსნია ხიფათისაგან.

შქმერშია შესანიშნავი ბუნების ძეგლი – უნიკალური კარსტული მღვიმე უშოლთიდან ორიოდე კილომეტრში. აქ იღებს სათავეს მდ.ბნელეთურა. ულამაზესი დარბაზებისა და გვირაბების საერთო სიგრძე  2 კმ.- ს აღემატება. აგრეთვე, საინტერესოა თამარ მეფის სახელობის გამოქვაბული, რომელიც დღესაც შესასწავლია. გარდა ამისა, სოფელში არის მრავალი მღვიმე, გამოქვაბული და მათთან დაკავშირებული ლეგენდები.

ღები

მდებარეობს ზღვის დონიდან 1350 მეტრზე, ონიდან 35 კილომეტრში. ღების დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ, ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. ეს სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.

უწერა

 

კურორტი ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, ტყეებით, ალპირი მინდვრებითა და ყინულოვანი მწვერვალების საოცარი ხედებით. ამ ყველაფრის წყალობით, იგი მრავალ დამსვენებელს იზიდავს. უწერა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერეტურაა -5 °C, აგვისტოსი კი – 17 °C. მთავარი სამკურნალო ფაქტორებია მთის ჰავა და მინერალური წყალი „უწერა“. ეს კურორტი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის. აქ შეძლებთ კომფორტულ გარემოში, სუფთა ჰაერზე ბუნების სიმშვიდეში განტვირთვას. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ მცირე გასვლები, პიკნიკები ან ლაშქრობები, თუკი თავგადასავლები და მრავალფეროვნება გიყვართ. უწერა ძალიან ლამაზია, როგორც ზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას. იგი კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესოა, სოფელში და მის მიმდებარედ შეგიძლიათ მოინახულოთ შუა საუკუნეების ოთხი ეკლესიისა და ციხე სიმაგრის ნანგრევები.

შოვი

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრში. ახლომდებარე მთის კალთებზე შეფენილია ხელუხლებელი წიწვოვანი ხეები. ჰავა განპირობებულია კურორტის განლაგებით ზემო წელის საშუალო ალპიურ ზონაში. ზამთარი – ზომიერად რბილი და თოვლიანია (იანვრის საშუალო ტემპერატურა -60С). ზაფხული – ზომიერად თბილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 160С).

კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. სამკურნალო ზეგავლენას ახდენს ჰავა, ასევე მინერალური წყაროები, რომელთა უზარმაზარი რაოდენობაც იმყოფება მდინარეების: ჭანჭახის და ბუბას ხეობებში. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდირებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

წესი

მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. წესს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხეთი და სორი, დასავლეთით — კვაცხუთი, ხიმში და სადმელი, სამხრეთით მუხლი, ბარი და შუა სხვავა. ჩრდილოეთით ალპური საძოვრები. წესი მდიდარია თავისი ლანდშაფტური ნაირფეროვნებით, უღრანი ტყეებით, მდინარეთა ხეობებით, ცივი წყაროებით, სუფთა ჰაერით.

შუა და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში წესში რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა მათი კარის ეკლესია — ბარაკონი, რომელიც ადრინდელი ფეოდალურ ხანაში იყო აგებული. შემორჩენილია მისი ნანგრევები. წესი დასავლეთიდან ხიდიკრის კოშკით, ხოლო აღმოსავლეთიდან მინდაციხით იყო გამაგრებული.

1753 წელს ააგეს ბარაკონის ახალი გუმბათოვანი ეკლესია. შემორჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის რამდენიმე სიმაგრისა და ეკლესიის ნანგრევები. წესი ასევე გამორჩეული იყო თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით. 1808 წელს წესში დაუბეჭდიათ საღმრთო წიგნი „სავედრებელი ღვთისმშობელისა“, ხოლო 1811 წელს „გამოკრებული სადღესასწაულო“.

სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ხალხის სხვადასხვა ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით, ვინმე ხიდიკარს რომ მოადგებოდა, ხიდის აქეთ-იქითა კოშკებიდან გუშაგები გამოდიოდნენ და გამვლელს ღვინით სავსე ჯამით რაჭის ერისთავის დღეგრძელობას თხოვდნენ – ასეთია ჩვენი წესიო. სხვა ვერსიით, ხიდიკარში გამვლელებს ბაჟს ახდევინებდნენ, ხალხს არ მოსწონდა ეს და უკმაყოფილების გამოსახტავად ამბობდა – ეს რა წესიაო. ასევე, გავრცელებულია აზრი, რომ ბარაკონზე ყოფილა თავისებური სასამართლო-სამსჯავრო, სადაც ხდებოდა გარკვეული წესების დადგენა და ამიტომაც დაერქვა სოფელს ეს სახელი. Ad desktop banner Ad mobile banner

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები