აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ დიდ შეცდომას უწოდებს და კრიზისზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს, “ქართული ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
„ქვეყანა კვლავ კრიზისშია, ამ თვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” საშინელი საქციელისა და ქმედებების გამო, რომელიც “პრაიდთან” და იმ გადაწყვეტილებასთან იყო დაკავშირებული, რომ “ქართული ოცნება” მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ულტრამემარჯვენე ჯგუფების გვერდზე იდგეს.
პრემიერ-მინისტრი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ ვითარებას ამძიმებს.
ამავდროულად, გასული წლის შემოდგომის არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. მმართველმა პარტიამ, რომელმაც გასულ შემოდგომაზე საკმარისი ხმები მოიპოვა იმისთვის, რომ მთავრობა კოალიციის გარეშე ჩამოეყალიბებინა, არჩევნები შეისწავლა და დაადგინა, რომ მმართველმა პარტიამ სამართლიანად გაიმარჯვა“, – განაცხადა კრამერმა.
ის აღნიშნავს, რომ
“ქართული ოცნება” სიტუაციას მასხრად იგდებს. წარსულში ოპოზიციის ნაწილობრივი დადანაშაულება და იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ.
ახლა, ეს კრიზისი მთლიანად პრემიერ-მინისტრის, “ქართული ოცნებისა” და ბატონი ივანიშვილის ბრალია.
პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს.
“ევროკავშირი” თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი”, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ხელშეკრულებას ანულირებულად აცხადებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა.