„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონს კაჭრეთის „ამბასადორი“ მასპინძლობს. კახეთში დმებარე ულამაზესი სასტუმროს დიდი დარბაზი პოპულარული სიმღერის კონკურსისთვის სრულად ტრანსფორმირდა, სცენა გადიდდა, სპეციალური საეთერო მოეწყო და პირველი ლაივკონცერტისთვის შოუმდე ნახევარი საათით ადრე ბოლო კონკურსანტმაც გაიარა საფინალო რეპეტიცია.
კონკურსანტებთან მარინა ბერიძემ პირადად იმუშავა და როგორც ჟიურის წევრებმა მოგვიანებით აღნიშნეს, მისი ხელი კონკურსში მონაწილე თითოეულ გამომსვლელს დაეტყო.
გია ყანჩელის მუსიკით დაწყება საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება გახლდათ. დიდ სცენაზე პირველი ნაბიჯი ტოპათეულმა ყველაზე ფრთხილად შესასრულებელი კომპოზიციებით გადადგეს. მათ საუცხოო აკომპანემენტი გაუწიეს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა, რომლის მიერ შექმნილი თითოეულმა ვერსიამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა აღფრთოვანება.
პროექტის მუსიკალურ პროდიუსერს, მარინა ბერიძეს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა პირველ ტურზე ყანჩელის შესრულება.
როგორც აღინიშნა, მარინა ბერიძის ხელი დაეტყოთ კონკურსანტებს.
მარინა ბერიძე:
გია ყანჩელის ტურით დაწყება ჩემი მხრიდან ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ მე რისკიანი ადამიანი ვარ. ბუმბერაზი კომპოზიტორით დაწყება ყოველთვის ჯობია და ნამდვილად გაამართლა. ზოგმა ინერვიულა, ზოგმა – ნაკლებად, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია.
რომელი კონკურსანტია თქვენთვის გამორჩეული?
ჯერ ვერ გეტყვით, ვნახოთ, ვინ გამობრწყინდება.
ქალის და კაცის პერსპექტივით შესრულებული „სიჩუმე“ (თამთა ხუხუნაიშვილი), პლასტიკით და ვოკალით ერთდროულად გადმოცემული „საით მიდიხარ“ (ანი ქურთუბაძე), უჩვეულოდ მშვიდად შესრულებული „ჰერიო ბიჭებო“ (ლუკა ჭოხონელიძე), საღამოს კულმინაციური მომენტი, პიედესტალზე შემდგარი შემსრულებელი „მეფე ლირით“, რომლისთვისაც ქართული ტექსტი ქეთი ორჯონიკიძემ შექმნა (ნინი შონია)…
ჟიურის წევრს, ლელა წურწუმიას ვკითხეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგად იმღერო ქართული სიმღერა?
ლელა წურწუმია:
(იღიმის) ასეთი შეკითხვა არავის დაუსვამს აქამდე. პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ქართული სიმღერა, უნდა გრძნობდე. რასაკვირველია, ნიჭი უნდა ამას. ქართული სიმღერის შესრულება ყველაზე რთულია. ჩვენ ქართულ ენაზე ვმეტყველებთ, ეს ჩვენი მშობლიური ენაა და ქართული კულტურა ღრმად ფესვგადგმულია ჩვენში, თუმცა თაობისთვის, რომელიც ახლა მოდის (ბუნებრივიცაა და ლოგიკურიც, რომ თანამედროვე სამყაროში, რასთან წვდომაც მათ გაუადვილდათ), სასიმღერო ენა გახდა ინგლისურიც. ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ძვირფასია და ხშირ შემთხვევაში, უკეთესიც, უნდა ვიამაყოთ იმითი, რაც გვაქვს. ეს დიდი განძია. ბევრი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ რაღაცებს არ ვუკვირდებით. სხვა ქვეყნიდან ადამიანები აღფრთოვანებით ხვდებიან ქართულ მუსიკასა და კულტურას. ქართულ სიმღერას ძალიან სჭირდება გემოვნება, განსაკუთრებული. არის რაღაც მელიზმი, რომელიც უხდება ამერიკულ მუსიკას, სოულს, ქართულს – ნაკლებად. ერთი პატარა რომ შეურიო, შეიძლება, იმან გააფუჭოს, ამიტომ რთულად შესასრულებელი და ძალიან მაგარია.
მაბედნიერებს, რომ ვარ „მხოლოდ ქართულში“. ისეთი სიხარულით მოვდიოდი… ძალიან მაინტერესებს, რას შემოგვთავაზებს ახალი თაობა. პირველ რიგში, პროფესიაა ძალიან რთული. ჩვენს ქვეყანაში ყველა ვერ მღერის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი შემფასებლები არიან. სუფრის სიმღერის კულტურა არის მაღალ დონეზე, შეფასებაც – მკაცრი ვიცით. სიყვარულიც, ძალიან დიდი – მომღერლების მიმართ. მე ამით განებივრებული ვარ. რაც მთავარია, მე ვმღერი ქართულად, ჩემს რეპერტუარში არის სიმღერები, რომლებსაც დაჰკრავს ამერიკული, ქართული ელფერიც, ქალაქურიც, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს ამის შესრულების საშუალება და ბედნიერება.
„მხოლოდ ქართულის“ პირველი ტური ერთი მონაწილისთვის სევდიანად დასრულდა. თორნიკე აბრამიშვილი, მაყურებელთა გადაწყვეტილებით, პროექტს გამოეთიშა, ხოლო ტურის ლიდერი 19 წლის ნინი შონია გახდა.
ფოტოები აღებულია „მხოლოდ ქართულის“ „ფეისბუქ“-გვერდიდან
ნინო მურღულია