LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხეტიალე თხა, ტყის ღორი და გენეტიკურად ქართული პროდუქტები: როდის გამოვა ბაზარზე ”გემოვანი”?

565

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები ბაზარზე გამოსასვლელად ემზადება – ”გემოვანზე” მუშაობა უკვე დაიწყო. პროდუქცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდება, დახლებზე 2017 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. ”გემოვანი” მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ ხორცპროდუქტებს, რძესა და რძის ნაწარმს, პურს, პარკოსნებს, მარცვლეულსა და სხვა დასახელების პროდუქტს წარმოუდგენს.

როგორც ”ფორტუნას” პროექტ ”გემოვანის” იდეის ავტორმა და კომპანია ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, პროქტის მთავარი მიზანი წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა.

”საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე დავიწყეთ კარტოფილის, ლობიოს და სხვა პროდუქტის წარმოება. სხვადასხვა ლოკაციაზე (ჯავახეთი, გურია, სამეგრელო) მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის სამუშაოებს ვაწარმოებთ. დავიწყეთ მცირე მასშტაბის ფერმების მოწყობა, სადაც მოვაშენეთ მეგრული თხა, კახური ტყის ღორი, ასევე ძროხის ჯიში-კავკასიური წაბლა… ეს ცხოველები აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტს იძლევიან, ვინაიდან ცხოვრობენ და იკვებებიან ბუნებრივ პირობებში. მაგალითად, მეგრული თხა არის მოხეტიალე თხა, რომელიც არასწორ რელიეფზეა ცხოვრებას შეჩვეული და საკვებს თავისით მოიპოვებს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით რომ დიდი რაოდენობით რძეს იძლევა, თუმცა ის, რასაც გვაძლევს არის აბსოლუტურად ჯანსაღი”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა და დასძინა, რომ ”გემოვანის” ბრენდით გამოსული პროდუქციის მახასიათებელი სწორედ განსაკუთრებული და გამორჩეული გემო იქნება.

ამასთან, როგორც ”გემოვანის” იდეის ავტორმა განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს.

”გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლოს პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის ძვირადღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით, მიიღონ 15 ტონის ღირებულება”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”გემოვანის” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, პირველი პროდუქტი, რომელიც ”გემოვანის” პროექტის ფაგლებში შეიქმნა ”მზეთამზეს” პურია. პროეტის ავტორი, ირაკლი ჩავლეშვილი დარწმუნებულია, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქტით უცხოელებიც დაინტერესდებიან და ”გემოვანი” ექსპორტზეც გავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები