თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% სრულად ვაქცინირებული არ არის, რეალურად და ცალსახად, მოსახლეობის პასუხისმგებლობაა.
ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კარგად ემართა.
„გვაკრიტიკებენ, კრიტიკა არ გვაკლია. როცა ამბობენ, ვისი პასუხისმგებლობაა, რეალურად და ცალსახად, პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ?
არ ვარ ტენდენციური. იმიტომ, რომ ჯანდაცვამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ვინმემ დამისახელოს, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა 5 დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის ყველაზე რეიტინგული „ფაიზერი“, გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი, მათ შორის მთელ საქართველოში.
არის მობილური პუნქტები ავტობუსებში, ჯანდაცვის მესვეურები სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ამაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?!“,-განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.