მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერების ბინებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ჩხრეკა ერთდროულად ათზე მეტ ბინაში იყო. სამართალდამცველებმა ღამით ნავალნის სხვა ახლობლების სახლებიც გაჩხრიკეს, მათ შორის ოლეგ ნავალნისა და ალექსეი ნავალნის ცოლის ბინები.
დაკავებულია ოპოზიციონერი ლიდერის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი და ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი. ისინი გვიან ღამით 48 საათით გადაიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში.
ოლეგ ნავალნი და ლიუბოვ სობოლი დაკავებული არიან სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის საქმეზე, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 23 იანვარს გამართული აქციების შემდეგ.
კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსის მხარდამჭერები კვირას კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.