LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება: პრეზიდენტი

120
სალომე-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. გარდა ამისა პრეზიდენტმა ოპოზიციასაც მიმართა და გონივრული გადაწყვეტილების მიღება ურჩია.

„როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მინდა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, მოგმართოთ ყველას, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს. ამ ბოლო პერიოდში, საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო სისტემაზე, უკანასკნელი არჩევნებით კი, საზოგადოებამ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს.

დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება! დრო აღარ ითმენს! პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი, მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას! პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს! შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება!

ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში – 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია. არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები: როგორც მაგალითად მინსიტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოებში, ნდობის ჯგუფში და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლადშექმნილი პარტიებისგან. ამ როლთან ერთად ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას.

ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას. უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს – ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა!

მინდა გითხრათ, რომ ახლახან, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, სწორედ ასეთი მკაფიო გზავნილი მოვისმინე. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს სჭირდებოდეს ან ახალი არჩევნები, ან ქუჩის პროცესები, ან კიდევ გაუთავებელი დაპირისპირება და პოლარიზაცია. პირიქით, ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანმიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად. ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია.

დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი: – ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. – უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g