მთავრობა განმარტავს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რატომ აღარ არის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პარლამენტის მორთულობაში ევროკავშირის დროშა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
„წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“.
მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, — აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
პარლამენტის შენობის ფასადზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. ადგილზე შეგხვდებათ წარწერა – „ეს დღე ჩვენია“.
ფოტო მთავარ სლაიდზე: „ფორმულა“