უკრაინის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება ოფიციალურად მისცა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ უმაღლესი რადას სამართალდამცავმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო.
“კომიტეტმა გააუქმა ყველა შეზღუდვა მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის/სხვა ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად, საომარი მდგომარეობის დროს”, – დაწერა ფეისბუქზე დეპუტატმა ანდრეი ოსადჩუკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: