LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობას დაიწყებთ თუ არა საპენსიო შენატანი ჩამოგეჭრებათ – რამდენი გადის სისტემიდან

2227
pensiis dagroveba

საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 53 940 ორგანიზაცია და დასაქმებულ ადამიანთა თითქმის 100%-ია ჩართული. ამ ეტაპზე ორგანიზაციის ანგარიშზე სრულად 265 მილიონი ლარის დანაზოგებია მობილიზებული.

როგორც „ფორტუნას“ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განუცხადა. პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სააგენტოს სისტემაში 828 ათასი ადამიანი გაწევრიანდა. სისტემიდან უკან კი დაახლოებით, 13% გავიდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო დროს, გასვლის მსურველთა რაოდენობამ იკლო. მათივე ინფორმაციით, სქემიდან გასვლის განცხადება გააუქმა და პენსიის დაგროვება კვლავ განაგრძო ასობით დასაქმებულმა.

უკვე გვყავს პირველი პენსიონერებიც, რომლებმაც გაოთხმაგებული დანაზოგით ისარგებლეს, ძირითადად ესენი შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სქემიდან გასვლა და  დანაზოგის სრულად დაუბეგრავად გატანა“, – ამბობენ „ფორტუნასთან“ საპენსიო სააგენტოში.

საპენსიო სისტემაში ჩართვა-გამოსვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ის პირი, ვინც 2018 წლის აგვისტოსთვის, უკვე 40 წლის იყო, მუშაობის დაწყებისთანავე სისტემაში ავტომატურად ჩაერთვება (60 წლამდე).

„გრძელდება სისტემაში ჩართვები, შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვინც ახლა ერთვებიან დაგროვებით სისტემაში, 3 თვის თავზე ჩაერთვებათ გასვლის ფანჯარა,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

ეს პროცესი თეორიულად, 20 წელი გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ამ ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირე იქნება და ფონდის მახასიათებლებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. ასე რომ, ძირითადად, თანხის და ხალხის დათვლის საკითხი აგვისტოს ბოლოს ამოიწურება,“ – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ამ დროს უფრო ზუსტად იქნება ცნობილი, რამდენი ადამიანი დარჩა სისტემაში. 

საპენსიო სააგენტო: სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია

საპენსიო დანაზოგს 1 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

პირველი ხუთი წელი, საპენსიო სქემაში ჩართული პირები, დაბალრისკიანი პორტფელებით ისარგებლებენ. ხუთი წლის შემდეგ, კანონის მიხედვით, სქემაში ჩართულს საშუალება ექნება დანაზოგი მაღალ ან საშუალორისკიან პორტფელში გადაიტანოს (ხუთი წელიწადი 1-ელი იანვრიდან აითვლება).

 

 ვინ განკარგავს ჩვენს ფულს?

საინვესტიციო საბჭოს წევრები საპენსიო სააგენტოში უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვლენ და სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან. პირველ სხდომაზე ისინი საბჭოს თავმჯდომარესაც აირჩევენ. 

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო რამდენიმე დღეში შეიკრიბება

საბჭოს წევრების პირველ სხდომაზე წევრები თავმჯდომარესაც აირჩევენ.

ხუთკაციანი სია, რომელიც სპეციალურმა კომისიამ დააკომპლექტა ასე გამოიყურება: ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, დავით წიკლაური და მაიკლ რიდლი.

ტიმო ვიჰენკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია. ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. ჟან-ფრედერიკ პოლსენი 2019 წლის მაისამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უფროსი მრჩეველი იყო, გარდა ამისა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. საბჭოს წევრობის ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. წარსულში ის Deutsche Bank-ში მუშაობდა. მაიკლ რიდლი 2012-15 წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

სად უნდა შევამოწმოთ დაგროვებული დანაზოგი:

ნებისმიერს, ვინც საპენსიო სქემაშია ჩართული, შეუძლია საკუთარი ანგარიში ონლაინ აკონტროლოს. ამისთვის ვებ-გვერდზე: https://agency.pensions.ge/ge/account/employee-personal პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს (პაროლი დასაქმებულებს, დამსაქმებელმა უნდა მიაწოდოს).

გამონაკლისები: იმ შემთხვევაში თუ…

  • თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს.
  • თუ ადამიანი კარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეუძლია.
  • თანხის სრულად გატანა შესაძლებელია, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი ან/და (შემოსავალი) წელიწადში 24 ათას ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო თუ 60 ათას ლარზე მეტია, სახელმწიფო თავის წილს საერთოდ აღარ იხდის.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები