LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის რეიტინგს ვერ ელევა – რა ხდება ოპოზიციაში

993
meliarulovsi

არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, მოვალ და დედას გიტირებ და არ მოდიხარ – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა. საზოგადოების ნაწილმა ივარაუდა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა (მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ უნდა ვიყოთ, შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე”; სანდრა რულოვსი: „თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას”), ნაწილმა კი ოპოზიციაში სავარაუდო განხეთქილებაზე დაიწყო საუბარი.

ნიკა მელია ამბობს, რომ პროცესებს აქედან უკეთ აფასებს, ვიდრე შესაძლებელია ხედავდეს მათი ლიდერი შორიდან. აქამდე გამართულ აქციებზე არა ერთხელ დააკავეს, დაპირისპირებაშიც არაერთხელ მოჰყვა, ამიტომ არის ალბათ, მისთვის გაუგებარი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „როგორ შეიძლება მელიას დააბრალო, რომ არ უნდა პროცესების რადიკალიზაცია“, თუმცა, დასძენს – „მანიფესტაციის მოწყობა ისე, რომ იქიდან შედეგით ვერ წამოვალთ, იქნება მთელი ოპოზიციური მოძრაობის მარცხი.“ 

 

ნიკა მელიას განცხადებას “ნაციონალური მოძრაობიდან” დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მისი განცხადება ამ დრომდე მხოლოდ  ნუგზარ წიკლაურმა შეაფასა და თქვა, რომ ის “ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ წისქვილზე ასხავს წყალს”.

თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ “ევროპულ საქართველოში”: „მელიამ უბრალოდ ხმამაღლა თქვა, ვისაც გრამი ტვინი აქვს, ყველა იგივეს ფიქრობს მაგ პარტიაში”, – ასე ეხმიანება მელიას განცხადებას “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები რომ დღეს უკვე არც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ პოპულარული, ამას ხედავენ პოლიტიკის ექსპერტებიც.


„სააკაშვილი რომ შორს არის და ვერ აღიქვამს რეალობას, ამაში გასაკვირი არაფერია. არც იმაშია გასაკვირი რაიმე, რომ მას ეჩქარება, რადგან ფიქრობს, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს და აძალებს, როგორც ჩანს, თავის პარტიელებს რაღაც ნაბიჯების გადადგმას.

თუმცა, სააკაშვილს აქვს თავისი რეიტინგი, თავისი ამომრჩეველი და მისი გარიყვა, რა თქმა უნდა, არ უნდა “ნაციონალურ მოძრაობას”. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეიტინგის გამო ვერ ელევა, რადგან პოლიტიკაში მთავარი რეიტინგია და ამომრჩეველი“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე „ფორტუნასთან“.

ივანიშვილს 39% აფასებს უარყოფითად, სააკაშვილს 32% - NDI

სააკაშვილს დადებითად 31% აფასებს, ბიძინა ივანიშვილს 21%. 

თამარ ჩერგოლეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რაზეც ნიკა მელია დღეს საუბრობს, მან 2016 წელსაც იცოდა, თუმცა “ჩვენ იგივეს თქმისთვის მოღალატეებად გვნათლავდა“. განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი “ნაციონალურ მოძრაობაში”, როცა ის დაიშალა, მართლაც იყო მიხეილ სააკაშვილის ფიგურა და დღეს “ევროპულ საქართველოში” მყოფი წევრები მაშინ სწორედ მას გაემიჯნნენ. თუმცა, მას შემდეგ მათ წარმატებით ითანამშრომლეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როცა “ევროპულმა საქართველომ” გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, შუალედურ არჩევნებში კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ევროპული საქართველოს” კონკურენტი კანდიდატურა მთაწმინდის ოლქში არ დააყენა, ამის საპირწონედ „ევროპულმა საქართველომ“ არ დააყენა კანდიდატურა ზუგდიდში.

„ის, რომ რაღაც ეტაპზე, კრიტიკულ მომენტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” თემატური ან სტრატეგიული ალიანსი შეკრან და ამის დემონსტირირება მოხდა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნებზე, გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ უდრის მიხეილ სააკაშვილს და მის გარეშე “ნაციონალური მოძრაობა” უბრალოდ არ არსებობს. თორემ, დიკუსიები ადრეც მინახავს. ეს ხმაური იქნება გარკვეული პერიოდი და შემდეგ ყველაფერი დაწყნარდება.  ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” არის დაძაბულობა, თუმცა, მიუხედავად  მიხეილ სააკაშვილის ოდიოზურობისა და მიუხედავად იმისა, რომ მელიას მოსაზრებები ლოგიკურია აბსოლუტურად, ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იშლება ან გაემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, არის ტყუილი. კამათი  ბრძოლის ტაქტიკაზე ყველგან არის, ეს ჩვეულებრივი პროცესია“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ფოტო არქივიდან

ბრძოლის მეთოდებზე რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, ამას ღიად ამბობს ნიკა მელია, თუმცა, დასძენს, რომ სტრატეგიასა და პრინციპებზე თანხმდებიან. მელიას გარდა, პროცესებს სააკაშვილზე უფრო ახლოდან უყურებენ და შესაბამისად, უკეთ აღიქვამენ მისი თანაგუნდელებიც –  საპროტესტო მუხტი, თუკი ის არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, დროის გასვლასთან ერთად ქრება. არჩევნებიდან კი, უკვე 3 დღე გავიდა, თუმცა, აქციები, რომელზეც სააკაშვილი და რულოვსი საუბრობდნენ არ დაწყებულა. საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ, გაერთიანებული ოპოზიცია და საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის შემოდგომაზეც არ დაემორჩილა. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი კითხვები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ბზარის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები