LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ასათიანის წიგნზე მისმა უმცროსმა ვაჟმა იეჭვიანა

921
nataasasatiani,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის დარგში და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პროგრამების ხელმძღვანელი, The Talk შოუს წამყვანი, ნატა ასათიანი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, რეზო ასათიანისა და ირმა სოხაძის უმცროსი ქალიშვილი ბავშვობიდან მიჩვეულია ყურადღებას, თუმცა როგორც გვითხრა, პატარა ასაკიდან ებრძოდა საკუთარ თავში სიმორცხვეს, რომელიც აშკარად დამარცხებულია. საუკეთესო სპიკერის თვისებები ახლახან იმაში გამოყენა, რომ დაწერა წიგნი, სადაც ყველაფერია საჯაროდ საუბრის შესახებ.

ნატასთან საინტერესო ინტერვიუ „აკადემია ლაუნჯში“ ჩავწერეთ.

ნატა ასათიანი:

ჩემმა საკმაოდ ხანგრძლივმა სამუშაო გამოცდილებამ დამანახვა, რომ ყველა სამსახურში, სადაც დამიწყია მუშაობა, ერთი ჩემი უნარი ყველაზე მეტად ფასობდა – საჯაროდ საუბრის უნარი. ის თავისით არ მოსულა. ბავშვობაში მორცხვი და მორიდებული გახლდით, მაგრამ სულ მაინტერესებდა ის ადამიანები, რომელთაც საჯაროდ გამოსვლები კარგად გამოსდიოდათ. სარკის წინ სიტყვით გამოვდიოდი, ან ლექსს ვამბობდი. ბავშვობაში სრულიად მიამიტურად განვითარებული უნარი ძალიან დამიფასდა, ყველგან, პატარა კონფერენციასა თუ დიდ ვორქშოფზე მიწევდა ღონისძიების გახსნა, დახურვა და მთლიანად შეკვრა. წლების წინ, როდესაც სტრატეგიული კომუნიკაციისა და პიარის სწავლება დავიწყე სტუდენტებისთვის, სალექციო კურსში ჩავსვი საჯარო გამოსვლის ხელოვნება. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ როცა ამ თემას ვუახლოვდებოდი, სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი მოდიოდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის მიმართულება, რომლის უფრო განვითარებაც მართებული იქნებოდა. წლების წინ, ხშირად, საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება გაიგივებული იყო მეტყველების სწავლებასთან. ნელ-ნელა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს ორი სხვადასხვა რამეა. კავკასიის უნივერსიტეტში სწორედ საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებას ვასწავლი. რადგან ქართულ ენაზე წიგნი არ გამოცემულა, გადავწყვიტე, ჩემზე უფრო დიდი მეცნიერების ნააზრევი ქართულ ენაზე შემეკრა და ჩემი გამოცდილებითაც გამემდიდრებინა. ეს წიგნი ერთგვარი ნაზავია თანამედროვე ლიტერატურისა და მიდგომების ჩემს გამოცდილებასთან, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე.

საჯარო გამოსვლებისას რა შეცდომებია თვალშისაცემი ჩვენს ქვეყანაში?

ცივი გონებით რომ გავაანალიზოთ ერთი საინფორმაციო გამოშვება და ის, თუ როგორ გვესაუბრებიან პოლიტიკოსები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, გავაცნობიერებთ, რომ ხშირად სათქმელს ემოციები ფარავს. ემოციურად საუბარი ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან მისი ნათქვამი უფრო მეტად გვამახსოვრდება, მაგრამ ის უნდა იყოს დამხმარე ინფორმაციის მიწოდებისას და არა – წამყვანი. როცა ადამიანს ემოციები იპყრობს, უფრო სწრაფად უცემს გული, უფრო ხშირად სუნთქავს, რაც განაპირობებს მოკლე და წყვეტილი ფრაზებით საუბარს. სპიკერებს ხშირად ავიწყდებათ, რომ შეიძლება, მსმენელი სულაც არ იყოს გარკვეული იმ თემაში, რაზეც საუბრობენ, ამიტომ სათქმელი თავიდან უნდა დაიწყონ. გამოსვლა ყველა ტიპის მსმენელზე უნდა გათვალონ. როგორც წესი, ჩვენ გვჭირდება, რომ საჯაროდ გამოსვლის უნარი განვავითაროთ და გავივარჯიშოთ. თუ გვინდა ვიყოთ კარგი სპიკერები, უნდა ვიყოთ კარგი მსმენელები, – მაშინვე ვხვდებით, რა სჭირდებათ მსმენელებს და კარგ სპიკერებად ვიქცევით. ქართველებს მოსმენის საკმაოდ დაბალი კულტურა გვაქვს. ესეც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, როდესაც საჯარო გამოსვლებზე ვსაუბრობთ.

შენი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე საჯაროდ გამოსვლებია, თუკი ტელეჟურნალისტ დას, სალომე ასათიანს და დედას, ირმა სოხაძეს გავიხსენებთ. ეს უნარი უფრო მეტად გენეტიკურია, თუ შეიძლება მისი გამომუშავებაც?

რა თქმა უნდა, გარემო, სადაც მოზარდი იზრდება, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ შეუძლია აზრის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, ოჯახში როგორი ლექსიკით საუბრობენ, ან ბავშვობაში რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, თუმცა გარე ფაქტორები რომ გვერდზე გადავდოთ, საჯარო გამოვლის უნარის დახვეწა აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს შეუძლია. ზოგს უფრო მეტი ვარჯიში დასჭირდება, ზოგს – ნაკლები. თუკი ჩვენ ვისწავლით, როგორ ვესაუბროთ ადამიანებს და როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სათქმელი, ეს ყველა პროფესიისთვის მნიშვნელოვანია. ასეთი წიგნები აჯერებს მკითხველს, რომ გამართულად საუბარი შეუძლია.

დედას და დას როგორ მოეწონათ შენი წიგნი?

ირმა თავიდანვე იყო ჩართული, სხვადასხვა თავს ვაკითხებდი, სალომეს ნაკლებად ვაწუხებდი. ძალიან გამიხარდა, რომ ის თბილისში იყო წიგნის პრეზენტაციისას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება. მგონი, ძალიან მკაცრადაც არ შემაფასებს. რადგან ოჯახზე ვსაუბრობთ, იდეის გაჩენის დღიდან მამაჩემი იყო ძალიან აქტიურად ჩართული, ყველა თავი წაიკითხა და ძალიან მოტივირებული გახლდათ, მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

ნატა, გყავს მეუღლე და ორი შვილი. ყველა ქალს აინტერესებს, როგორ არის შესაძლებელი, მუშაობდე ტელევიზიასა და უნივერსიტეტებში, წერდე წიგნს და ამ ყველაფერს ახერხებდე საკუთარი ოჯახის ფონზე?

ხშირად მესმოდა, რომ ეს ძალიან რთული იყო და ვფიქრობდი, რომ გადაჭარბებული შეფასება გახლდათ, მაგრამ ოჯახიც და კარიერული განვითარებაც ტიტანურ შრომას მოითხოვს. დღევანდელ ცვალებად სამყაროში შენი სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, თუკი გინდა, ამ ცვლილებებს არ ჩამორჩე, ძალიან რთულია, თან ფეხი აუწყო სწრაფად განვითარებად გარემოსა და დარგს და პარალელურად, ოჯახში ყველა იყოს მოვლილი და მიხედილი. ამას, ალბათ, ჩემი რესურსის ხარჯზე ვახერხებ. ოჯახის წევრებიც საკმაოდ ლოიალური მყავს. რაღაცებზე ჩემი მეუღლეც თვალს ხუჭავს ცალსახად. ბავშვებსაც ვეუბნები ხოლმე ზოგჯერ, რომ არ მცალია და მარტო უნდა ითამაშონ – მათ კი ვაკლებ ამ დროს, დედასთან ურთიერთობის, მაგრამ წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ, თუმცა უმცროსმა, რომელიც ექვსი წლისაა, მისაყვედურა, წიგნს მესამე შვილს ნუ ეძახიო, მკაცრად გამისწორა. შეიძლება ითქვას, წიგნზე იეჭვიანა… თუმცა, მთლიანობაში ბედნიერები იყვნენ ბავშვებიც. მიხარია, რომ მათ აღზრდაში ორივე ბებია აქტიურადაა ჩართული და გარკვეულწილად, დაბალანსება ხდება.

ბოლოს მინდა გკითხო „რუსთავი 2“-ის თოქშოუს წამყვანობაზე…

წლების წინ მაკავშირებდა არახანგრძლივი თანამშრომლობა სხვადასხვა ტელევიზიასთან. როცა უნივერსიტეტებში დავიწყე მუშაობა, ტელევიზია აღარ იყო ჩემთვის აქტუალური. „რუსთავი 2“-ის წინადადებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ამ არხის და ამ საერთაშორისო პროექტის ლოგოს ქვეშ მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. დავთანხმდი იმის გამოც, რომ არაჩვეულებრივ თანაწამყვანებთან და გუნდთან ერთად მომიწია მუშაობამ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. დიდი გამოწვევაა და დროთა განმავლობაში უფრო კარგად გამოჩნდება, როგორ გავართვი თავი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „აკადემია ლაუნჯი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები