LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია კაპანაძე: ჩვენი ინფორმაციით, 41 ჟურნალისტია დაშავებული, მათ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანება

146
b805d7b722c0eccd742f28a9187e4cfb

ჩვენი ინფორმაციით, 41 ჟურნალისტია დაშავებული, მათ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანება, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაორგანიზაციებმა დაკარგეს ტექნიკა. როგორც ნათია კაპანაძემ აღნიშნა, „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დღეს დაზარალებულ ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს.

“კოალიციის წევრი ორგანიზაციები დღესაც, ამ წუთებშიც იცავენ ჟურნალისტებს, როგორც ვიცით უკვე აქტიურად მიმდინარეობს გამოკითხვა. შსს-მ უკვე დაიწყო პროცესი. ძალიან ვწუხვართ, რომ წინასწარი განცხადებების მიუხედავად, მათ შორის „მედია კოალიციამ“ 2 ივლისს მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ მიეღო ჟურნალისტების დასაცავად ზომები. ჩვენთვის სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო მსგავსი აგრესია, რადგანაც ძალადობრივი ჯგუფები საუბრობდნენ იმაზე, რომ ისინი მიიღებდნენ ყველა ზომას.

ძალიან მძიმე კადრები ვნახეთ. სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმ ბოიკოტის, რაც მედიასთან დაკავშირებით არსებობს. სამოქალაქო სექტორი არაერთხელ მიანიშნებდა მმართველ პარტიას, რომ მედიასთან აგრესიული დამოკიდებულება, შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ ძალადობაში. დღეს ვნახეთ ერთგვარი შეჯამება იმ აგრესიის, რაც არაერთხელ გამოიხატა ჟურნალისტების მისამართით. ჩვენ ვნახეთ, ჟურნალისტები გააშიშვლეს ფაქტიურად და ეს დანაშაულები როგორც მორალურად, ასევე, მატერიალურად, ცხადია არის საკმაოდ მძიმე.

მოვლენების ეპიცენტრში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად - ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ იქცნენ

ოპერაცია უტარდება "პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.

ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და ჩვენი იურისტები სამართლებრივ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს, როგორც მატერიალური ასევე, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. დღეს ყველანი ვართ მოტივირებული დავიცვათ ჩვენი კოლეგების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”,- განაცხადა მან.

ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ დღეს მომხდარი მოვლენები პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

“მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვიტყვი, რომ ეს არის მაღალი პასუხისმგებლობა მართვის პროცესში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება, დღეს ამ უწყებაზე გადის პასუხისმგებლობის ხაზი, თუმცა მმართველმა პარტიამაც ვერ დაძლია საკუთარი პასუხისმგებლობა, დაეცვა ჟურნალისტები”.- განაცხადა ნათია კაპანაძემ “ფორტუნას” ეთერში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.

მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები