საქართველოს მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა, ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41 პროცენტი კი სოციალური ქსელებიდან.
როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას – 18%.
კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ მოქალაქეები „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ ინსტიქტებს ენდობა.
ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.
მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).
NDI: გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთის გამო ნატოზე უარს იტყვის
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.