საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ღია წერილით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც თავის დროზე, ალექსი მაჭავარიანის იდეით, სწორედ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა.
მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქონების მართვის სააგენტომ „ინთერნეიშენალ ივენთს“-ს, რომელიც 12 წელია, მართავს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, ხელშეკრულება შეუწყვიტა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა და მისმა ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა გადაწყვიტეს, განაახლონ საუბარი თემაზე, რომელიც ორკესტრის მუსიკოსებისთვის წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ამჟამად ისინი თავს მუსკომედიის თეატრს აფარებენ, რომლის გარემონტების პირობაც მიიღეს მას შემდეგ, რაც თეატრი რკინიგზელთა სახლში გადავა, თუმცა წინასწარი შეფასებით ცნობილი გახდა, რომ ის შენობა, რომელშიც ახლა მუსკომედიის თეატრია განთავსებული, გარემონტებას ვერ დაექვემდებარება, ის უნდა დაინგრეს და მის ნაცვლად ახალი აშენდეს, რაც უდიდეს თანხას მოითხოვს.
თუკი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს გადაეცემა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, ნიკოლოზ რაჭველსა და მის გუნდს დიდი გეგმები აქვთ, თუ როგორ უნდა გახდეს ის მიმზიდველი ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის, ასევე გეგმავენ ბილეთების ფასების პოლიტიკის შეცვლას, წინასწარ დაგეგმილი კალენდრის მიხედვით სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოების გამართვას და რაც მთავარია, ფილარმონიის შენობის გარემონტებას, რისთვისაც უკვე მოფიქრებული აქვთ შესაბამისი სქემა – ამჟამინდელი მუსიკომედიის თეატრის ინვესტორისთვის მიყიდვის გზით.
როგორც დღეს, მუსკომედიის თეატრში, მედიასთან შეხვედრისას ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეს ყველაზე მეტად აქვს იმედი, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.
ნიკოლოზ რაჭველი:
ჩემი აზრით, საოცარი სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ასი წლის ტრადიცია აქვს და ჩვენი ქვეყნის მუსიკალური ხელოვნების განვითარებისთვის ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, იმსახურებს, ჰქონდეს საკუთარი დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი არა მხოლოდ ჩვენი მუსიკოსებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. ჩვენი ყველა საჯარო განცხადება ამ პრობლემას ეძღვნებოდა.
რატომ ფილარმონია?
პირველ რიგში, იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში, სადაც ფილარმონიული დარბაზები არსებობს, მათ ჰყავთ თავიანთი ფილარმონიული სიმფონიური ორკესტრები. ასე იყო ჩვენს ქვეყანაშიც, როცა აშენდა ფილარმონია. მასში მოღვაწეობდა სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. მოგეხსენებათ, ჩვენ დავდივართ გასტროლებზე და ასეთ ფილარმონიებში გამოვდივართ. ჩვენი ორკესტრი მოხსენიებულია, როგორც ფილარმონიული.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ არსებულ მენეჯმენტს, კერძო ჯგუფს, სახელმწიფომ შეუწყვიტა ხელშეკრულება, ეროვნულმა ორკესტრმა ჩავთვალეთ სწორად, სახელმწიფოს ვთხოვოთ, განიხილოს საკითხი ფილარმონიის გადმოცემასთან დაკავშირებით. ეს არის დარბაზი, რომელიც ამ ორკესტრისთვის აშენდა და ბოლო წლებშიც კი, ყველაზე მეტი კონცერტი გვაქვს გამართული, ყველა ჟანრის ვარსკვლავთან ერთად. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვმასპინძლობდით საერთაშორისო დონის ვარსკვლავებს, ღირსეულად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ფილარმონია უნდა მართოს სახელმწიფო კოლექტივმა და იმ გუნდმა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, მათ შორის, უმძიმეს პირობებში, ყველანაირი ჟანრის კონცერტის გამართვისა.
ეს იქნება აბსოლუტურად ახალი სიცოცხლე არა მხოლოდ ორკესტრისთვის და მათთვის, ვინც ამ სცენაზე იქნება მოწვეული, არამედ თავად საზოგადოებისა და მსმენელისთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონდა საშუალება, ბილეთების მაღალი ფასის გამო, კონცერტებს დასწრებოდა. ვინაიდან ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია, ვაპირებთ, გადავხედოთ ფასების პოლიტიკას, ასევე გვაქვს კონკრეტული გეგმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზენტაციის სახით წარვუდგენთ საზოგადოებას.
ფილარმონია უნდა გახდეს სივრცე, რომელსაც არა მხოლოდ დაიქირავებენ, არამედ თავად შეადგენს სხვადასხვა მუსიკის ღონისძიების კალენდარს. დარბაზი იქნება ინიციატორი, რომ ქართულმა კოლექტივებმა, შემსრულებლებმა გამართონ კონცერტები. გვაქვს ძალიან საინტერესო ფესტივალების იდეები, რასაკვირველია, აქ ასევე გაიმართება ჯაზფესტივალი, რომელსაც მრავალი წლის ტრადიცია აქვს, თუმცა ჩვენ სხვა ფესტივალებსაც დავაარსებთ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა და დაასახელა არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადაეცეს ფილარმონია ეროვნულ სიმფონიური ორკესტრს.
ვახტანგ მაჭავარიანი:
21-ე წელია, რაც საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი არის, ფაქტობრივად, უსახლკაროდ. 1998 წელს მას ჩამოართვეს მისი კუთვნილი დარბაზი და დატოვეს გარეთ. იმ პერიოდში ვხელმძღვანელობდი ორკესტრს და ძალიან კარგად მახსოვს ყველა ბრძოლა, რაც მიმდინარეობდა. და აი, დღესაც ისევ ეს პრობლემა დგას. რასაკვირველია, ორკესტრს სჭირდება ბინა, რაც მისთვის არის დარბაზი, სადაც მოღვაწეობა შეეძლება.
თავის დროზე, მამაჩემის, ალექსი მაჭავარიანის მეცადინეობითა და მონდომებით აშენდა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი. იქ ცხოვრობდა და შრომობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
მიმაჩნია, რომ ასეთი დიდი ტრადიციის ორკესტრს უნდა ჰქონდეს საკუთარი დარბაზი და ჰქონდეს საშუალება, დაგეგმოს სეზონი წინასწარ, ასევე გასტროლებიც. დარბაზის არქონა უამრავ სირთულეს ქმნის. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც გადაწყდება ეს პრობლემა.
აღნიშნულის პასუხად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, 2019 წლის 4 იანვარს გაგზავნილი წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „ინტერნეიშენალ ივენთი“ გააფრთხილა, ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეწყდა.
„ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთს“-ის მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.