LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი: „თუ ჩემს მეორე ნახევარს მამაჩემის თვისებების 2% მაინც ექნება, მას იდეალურად ჩავთვლი…“

976
Untitled design

„მის საქართველომ“, ცნობილმა მოდელმა, ნინი გოგიჩაიშვილმა ახლახან საზოგადოებას თავი სხვა ამპლუაში დაანახა. ნინიმ მიიღო მონაწილეობა პოპულარულ კულინარიულ შოუში „მასტერშეფი“. მისმა ეპიზოდმა ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა. ვინც არ იცოდა, ნინის კიდევ ერთი თვისების შესახებ შეიტყო – მას საკმაოდ სწრაფად და გაუჩერებლად შეუძლია საუბარი. ნინისთვის ეს სახალისო ამბავია და აღნიშნავს, რომ გურულებს სწრაფი ლაპარაკი არ ესწავლებათ. გული დასწყდა, რომ „მასტერშეფის“ თორმეტეულში ვერ მოხვდა, მაგრამ კონკურსში მონაწილეობას პოზიტიურად აფასებს.

მცირე ხნის წინ ნინის მამის, მსახიობის, გიორგი გოგიჩაიშვილის დაბადების დღე იყო. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მამის სითბოს და სიყვარულს ყოველ წამს გრძნობს და ბევრ ნიშანსაც ხედავს…

ნინის ულამაზეს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით, რომლის კარიც უკვე ყველასთვის ღიაა.

არ ვიცოდით, კარგი კულინარი თუ იყავი. როგორ გადაწყვიტე „მასტერშეფში“ მონაწილეობა? არ შეგეშინდა?

ნინი გოგიჩაიშვილი:

სანამ ეს გადაცემა საქართველოში დაიწყებოდა, მისი უცხოური ანალოგების მაყურებელი და გულშემატკივარი ვიყავი. აბსოლუტურად ყველა გადაცემა ნანახი მაქვს. საჭმელზე გადაცემებს ყოველთვის ვუყურებ, მიყვარს უცნაური რეცეპტების ამოწერა და შინ მათი მომზადება. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი და სულ დატვირთული დღის გრაფიკი მქონდა, ამიტომაც ბებია მიმზადებდა კერძებს და ამ მხრივ ძალიან დიდ კომფორტს მიქმნიდა, თუმცა შაბათ–კვირას, როცა თავისუფალი დრო მქონდა, სამზარეულოში მეც ვტრიალებდი. ხორცის მოყვარული არ ვარ, მივირთმევ ძირითადად, თევზეულს, ბოსტნეულს. ამ კუთხით ბევრი საინტერესო რეცეპტი მაქვს.

”მასტერშეფში“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო. ბევრი კერძის მომზადება მინდოდა პროექტში, მაგრამ წელს იმდენად ძლიერი შემადგენლობა იყო, რომ სამწუხაროდ, თორმეტეულში ვერ მოვხვდი. ბევრ მათგანს დიდი გამოცდილება აქვს სამზარეულოში, ურთულესი იყო მათთვის კონკურენციის გაწევა. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ უბრალოდ სამზარეულოდან გამოსული ადამიანისთვის ასეთი მაღალი კონკურენციის დროსაც 25 საუკეთესო კულინარს შორის მოხვედრა წარმატებაა.

 

შენს ვიდეოს, პირველ ეპიზოდს, სადაც მისოს სუპი მოამზადე, უამრავი ნახვა აქვს. ელოდი ამ რეზონანსს?

რა თქმა უნდა, ველოდი, რადგან ეს გადაცემა გემოვნებითაა გაკეთებული და ძალიან რეიტინგული, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა წარუმატებელი. მაყურებელმა დამინახა იმ კუთხით, რითაც არასდროს ვუნახივარ და ალბათ, ამან განაპირობა დიდი ინტერესი.

ჟიურის წევრებიდან ყველაზე დიდ კრიტიკას ვისი მხრიდან ელოდი? ლუკა ნაჭყებიამ კერძთან დაკავშირებული მესიჯები დაგიწუნა…

რაც მთავარია, კრიტიკა არ ყოფილა ჩემი კერძის მიმართ. ეს სუპი იაპონური სამზარეულოს ღმერთად რომ მოიხსენიებენ, იმ ადამიანისგან ვისწავლე, დიდი მადლობა მას, შესაბამისად, ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო, მინდოდა ცოცხალი გემოები ჰქონოდა, რაც ნამდვილად ჰქონდა. შეფმა კონსტანტინემ ეს აღნიშნა კიდეც. კრიტიკა იყო ჩემს მესიჯბოქსთან დააკვშირებით, რომელიც სუპს დავუკავშირე. სიმართლე რომ ვთქვა, მზად ვიყავი ჯანსაღი კრიტიკისთვის, რადგან ეს შოუ იმისთვისაა, რომ შეცდომებზე მიგითითონ და უკეთესი გახდე… მიხარია, რომ გემოზე პრობლემა არ ყოფილა და შენიშვნა ეხებოდა მესიჯბოქსს. აქაც არ დამინახავს პრობლემა. ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება. თუკი შეფი ფიქრობდა ასე, საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს.

შენს ვიდეოში ხაზგასმული იყო, რომ ბევრს და სწრაფად ლაპარაკობ…

(იცინის) მგონია, რომ ეს არავის უკვირს, გურულები გამიგებენ, ყველა გურული ჩქარა ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, როცა ამ ყველაფერს ნერვიულობის ფაქტორი ემატება, უფრო ვჩქარდები და სწრაფად ვლაპარაკობ. ზოგჯერ იმდენად ჩქარა ვსაუბრობ, რომ ხალხს ჰგონია, სხვა ენაზე ველაპარაკები… მერე ეჩვევიან და ხვდებიან, რომ ესაა ჩემი საუბრის სტილი. ჩემი მეგობრებისთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა.

ოჯახი როგორ გგულშემატკივრობდა?

უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, რადგან ჩემი ოჯახის წევრები ნებისმიერ ჩემს წამოწყებაში ბოლომდე მგულშემატკივრობენ. სანამ კონკურსზე გავიდოდი, დილის ხუთამდე კერძებს ვამზადებდი. რაც არ გამიკეთებია, ახლა გავაკეთე ყველაფერი.

მეორე ტურში საეთერო დრო ალბათ არ იყო დიდად დარჩენილი და არ გამოჩნდა ჩვენი ფანქეიქები. რაც გავაკეთე, კმაყოფილი ვარ. სოუსი შევქმენი ვასაბისგან, ორი სახის ფანქეიქი მოვამზადე, ერთი სუფლესგან, მეორე ჭარხლის წვენით შეღებილი, მხოლოდ კვერცხის გულით მომზადებული. ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც კულინარია სახლის პირობებში, გადაცემებით აქვს ნასწავლი, კმაყოფილი ვარ. ყოველთვის შეიძლება, უფრო მეტი გააკეთო, თუმცა ვფიქრობ, ტოპ–12 ძალიან კარგ შოუს შესთავაზებს მაყურებელს. ყველა მათგანს დავუმეგობრდი და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.

ოჯახზე გკითხე და არ შემიძლია არ გავაგრძელო ეს თემა, რადგან გოგიჩას დაბადების დღე იყო ახლახან… ასეთ დროს, ალბათ, განსაკუთრებულად გაკლია მამის გულშემატკივრობა…

თითქოს არ ვეგუები ამ რეალობას, რომ დამტოვა და ჩემთან ერთად არ არის. ეს რომ ვიფიქრო, გავგიჟდები. ყველა მომენტში ვგრძნობ მის ახლოს ყოფნას. „მასტერშეფის“ 25 საუკეთესო კონკურსანტს შორის რომ მოვხვდი, შინ დაბრუნებულმა ტელევიზორში ვნახე ფილმი, სადაც მამა ექვსი წლისაა და ეპიზოდურ როლს თამაშობს. ასეთი ბევრი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ერთი წამიც არ არის, რომ მისი სიახლოვე ვერ ვიგრძნო. ნებისმიერ ნაბიჯზე ვგრძნობ მის მხარდაჭერას. ამას რომ ველაპარაკები ჩემს თავს, ძალიან მეხმარება… სანამ მე ცოცხალი ვიქნები, მამაჩემი სულ ჩემთან ერთად იქნება.

ოჯახის წევრები ვცდილობთ, ერთმანეთი გავამხნევოთ. ლოგიკურია, რომ ხშირად გვახსენდება და მოგვდის ცრემლი, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთს არ დავანახვოთ. კი ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ასე არ მივიჩნევ. რაც დრო გადის, უფრო მეტად გენატრება და გინდა, შენთან ერთად იყოს. ჯერ ახლაც ვერ ვიაზრებ… დამცავი ბარიერიცაა, ალბათ…

მამის დაბადების დღე ოჯახმა ერთად აღვნიშნეთ. იმ პერიოდში ჯერ კიდევ კარანტინი იყო. სასაფლაოზე ასვლაც აიკრძალა კორონას გამო. ვეცადეთ, ისეთი დაბადების დღე ყოფილიყო, როგორიც თვითონ იყო, უკეთილესი, უმსუბუქესი ადამიანი იყო, სულ მოტივირებული, რომ კარგი გაეკეთებინა შენთვის, როგორ გაებედნიერებინე და როგორ ჰყვარებოდი უსასრულოდ, ამდენი დადებითი თვისება ერთ ადამიანში მართლა არ მინახავს.

ყოველდღიურად მეც, ნანუკაც, დედაჩემიც უამრავ წერილს ვიღებთ უცნობი ადამიანებისგან. ეს სიყვარული არ ცხრება და ვფიქრობ, ეს მამაჩემის დამსახურებაა. დიდისა და პატარას, ყველას სიყვარულის მოპოვება მოახერხა. უნიკალური იყო – ძალიან განათლებული, ნიჭიერი ადამიანი. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, ჩვენთან დიდხანს ვერ რჩებიან ხოლმე. არ მინდა, გავბოროტდე და ვიფიქრო, როგორი უსამართლოა ცხოვრება. ზოგს საერთოდ არ ჰყავს მამა და ვერ აძლევს იმ სიყვარულს, რაც მამაჩემმა მე მაჩუქა, როგორ ხელისგულზეც გამზარდა… ჩემი ოჯახისა და მამაჩემის დამსახურებაა, დღეს როგორი ადამიანიც ვარ… ჩემი სუპერდედისაც, მასზე ძლიერი ადამიანი არ შემხვედრია. ის რომ არ იყოს ისეთი, როგორიც არის, ჩვენი ოჯახისთვის ამ ყველაფრის გაძლება და გადატანა ურთულესი იქნებოდა. სადაც უნდა შევიდე, ყველა მეფერება. მამაჩემისადმი კარგი დამოკიდებულება ჩემზეც გადმოდის. მე, ნანუკას და დედას ეს მთელი ცხოვრება დაგვიტოვა.

გოგონები ხშირად ადარებენ მამებს საკუთარ რჩეულებს. შენც ეძებ ასეთ ადამიანს?

მამა გოგოსთვის აბსოლუტურად ყველაფერია. როგორი სიყვარულის ამბებშიც ვარ გაზრდილი, ბებია–ბაბუებისა და დედ–მამის მიმართ, აუცილებლად იმავე თვისებების ადამიანი მომეწონება. ყველაზე მთავარი არის, როცა ერთი ადამიანი მეორეს პატივს სცემს და აფასებს მის პირად სივრცეს, საქმიანობას, ხელს კი არ უშლის, მის წარმატებას ხელს უწყობს, ითვალისწინებს იმასაც, რომ თანაცხოვრებისას ორივე თანაბრად აკეთებს რაღაცას ოჯახისთვის და ორივეს უწევს უარის თქმა ბევრ რამეზე. ჩემმა მშობლებმა უბედნიერესი მოგონებები მაჩუქეს, რომელიც ყოველდღიურობას მილამაზებს.

რა თქმა უნდა, ჩემ გვერდზე ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც მგავს მე და გვაქვს ერთნაირი ღირებულებები, ოჯახის, საქმის, ადამიანების მიმართ.

მამაჩემისნაირი მეორე ადამიანი, მგონია, რომ არ არსებობს. მასზე იდეალურს არავის ვიცნობ. ყოველთვის სუბიექტური ვიქნები და ყველაფერზე მეტად მეყვარება. მისი 2 პროცენტიც კი საკმარისია, რომ მეორე ნახევარი იდეალურად ჩავთვალო…

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები