LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ წაართმევ ბავშვობას – შსს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

154
download

„ნუ წაართმევ ბავშვობას“,- ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული.

„კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ, სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. ამ დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. როგორც წესი დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ, ამ კამპანიით ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. დღეს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტიურად გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები. მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება. ამ 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.