„ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, გავრცელების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ საქართველოშიც – რას ამბობს უახლესი კვლევები და როგორია საფრთხეები? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გამოქვეყნებული ახალი კვლევები ადასტურებს უფრო ადრე გამოთქმულ ვარაუდებს, რომ “ომიკრონი” შესაძლოა არ იყოს ისეთი ზიანის მომტანი, როგორიც “დელტა”, თუმცა ოპტიმიზმთან მიმართებით მაინც სიფრთხილეა საჭირო.
როგორც ზაზა წერეთელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ “ომიკრონი” “დელტაზე” სწრაფად ვრცელდება და ვაქცინებით შექმნილი დაცვისთვის თავის არიდების უნარიც აქვს.
„ომიკრონის“ შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება: ივანე ჩხაიძე
„ომიკრონის“ შემთხვევების გაორმაგება ხდება დაახლოებით, დღე-ნახევარში. კიდევ ერთი პრობლემა, რაც „ომირკონთან“ დაკავშირებით არის – გაიზარდა რეინფიცირება. დაახლოებით, ხუთნახევარჯერ უფრო მეტია რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო. ეს არის იმით გამოწვეული, რომ „ომიკრონს“ შეუძლია გადალახოს უკვე ჩამოყალიბებული იმუნიტეტი და ამან გამოიწვია გარკვეული შეშფოთება. სწორედ ამიტომ დაიწყეს „ბუსტერ“ დოზის გაკეთება, რადგან აღმოჩნდა, რომ ორი დოზა ინფიცირებისგან თავის დასაცავად არ არის საკმარისი.
გუშინ გამოქვეყდა სამი კვლევა – ორი გაერთიანებული სამეფოდან, ერთი კი სამხრეთ აფრიკიდან. კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონით“ მიმდინარე დაავადება, დელტასთან შედარებით სუსტია. კერძოდ, 35-40%-ით არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი „ომირკონის“ დროს, დელტასთან შედარებით. ამიტომ დაისვა კითხვა – შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ შედარებით დასუსტდა ეს ვირუსი და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი მომენტი – გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით, 75% უკვე აცრილია. შესაბამისად, აცრამ თავისი როლი ითამაშა, შეიქმნა იმუნური ფენა და ამიტომაც არ მიმდინარეობს დაავადება მძიმედ.
“ომიკრონით” ინფიცირების დროს, ჰოსპიტალიზაციის რისკი 30%-დან 70%-მდე მცირდება: კვლევის შედეგები
სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ახალგაზრდა რესპუბლიკა, სადაც საშუალო ასაკი არის 27-28 წელი, მაშინ როდესაც გაერთიანებულ სამფეოში არის დაახლოებით, 45 წელი. ამიტომ, ცხადია, შესაძლებელია ახალგაზრდებში უფრო ადვილად მიმდინარეობდეს დაავადება.
შესაბამისად, უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ ზუსტად ვთქვათ, დასუსტდა თუ არა ვირუსი. ყველა ხაზს უსვამს, რომ შემთხვევების რაოდენობდა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ გამოიწვევს ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლას და სიტუაცია მეტნაკლებლად მაინც მძიმე იქნება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 38%-ია აცრილი”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა „ომიკრონის“ სიმპტომატიკის შესახებამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დელტასგან“ განსხვავებით, ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებში აქამდე არ ყოფილა ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვის შემთხვევები.
„ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო მეტად აღნიშნება კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით წელის მიდამოში, არის თავის ტკივილი, ყელის ტკივილი ცოტა განსხვავებულია, უფრო ფხაჭნის გრძნობაა, არის მშრალი ხველა და კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ადრე არ იყო, ღამე არის ოფლიანობა. ასეთი ნიშნებით განსხვავდება „ომიკრონი“ ამ მომენტისათვის დელტა შტამისგან”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ – რა სიმპტომებით ამოიცნობთ „ომიკრონ“ შტამს?