მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიშის – გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების (ქვეყნდება წელიწადში ორჯერ) ივნისის გამოშვება, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
„საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5-5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება 5.7 პროცენტიდან (2021) 2.9 პროცენტამდე (2022), რაც იანვარში პროგნოზირებულ 4.1 პროცენტთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია. „ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ამ დონეზე დარჩება 2023 – 24 წლების განმავლობაში, რამდენადაც ომი უკრაინაში ახლო მომავალში შეაფერხებს საქმიანობას, ინვესტიციებსა და ვაჭრობას, შესუსტდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, ხოლო ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებები შეწყდება. შედეგად, პანდემიით და ომით გამოწვეული ზიანის გამო, განვითარებად ქვეყნებში, შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით თითქმის ხუთი პროცენტით ნაკლები იქნება“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
„ომი უკრაინაში, „ლოკდაუნი“ ჩინეთში, მიწოდების ჯაჭვის წყვეტა და სტაგფლაციის რისკი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ბევრი ქვეყნისთვის რთული იქნება ეკონომიკური ვარდნის თავიდან აცილება. ბაზრები მომავალზე არიან ორიენტირებულნი, ამდენად მნიშვნელოვანია წარმოების წახალისება და სავაჭრო შეზღუდვების თავიდან არიდება. საჭიროა ფისკალური, მონეტარული, კლიმატისა და სავალო პოლიტიკის ცვლილება კაპიტალის არარაციონალური გამოყენებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.